ევროკავშირის ქვეყნების სამართალთან ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესი გრძელდება

თარიღი: 18 თებერვალი 2019
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და „GIZ“-ის სამართლის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან ქართული კანონმდებლობის დაახლოება ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების  შეთანხმების ფარგლებში ეკისრება.  იუსტიციის სამინისტროს ძირითადი ამოცანა  ამ პროცესში  ევროკავშირის სამართლის, მათ შორის, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლა-ანალიზი და  ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მეთოდიკისა და ზოგადი პრინციპების შემუშავებაა.

ორდღიანი შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირის ქვეყნების სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესის მიმდინარეობა განიხილეს, ისაუბრეს სამართლებრივ აქტებში ამ მიზნით უკვე განხორციელებულ ცვლილებებსა და  მომავალ წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე.

შეხვედრის მეორე დღე საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან დაახლოების პროცესში წარმოქმნილ კონკრეტულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს დაეთმო.  სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში, პრაქტიკული სავარჯიშოები განიხილეს.

სამუშაო შეხვედრის შედეგად, მონაწილეთა რეკომენდაციებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, დაკომპლექტდება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების საკითხებზე. სწავლება იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტისა და „GIZ“-ის სამართლის პროგრამის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის, განათლების სამინისტროების; ეროვნული ბანკის; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.