სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა

თარიღი: 22 თებერვალი 2019

2019 წლის 21 თებერვალს სტრასბურგის სასამართლომ ორ ახალ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეში − „გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ − ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების აკრძალვის (კონვენციის მე-3 მუხლი) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა, ხოლო საქმეში − „მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ − ასევე, წამების აკრძალვის პროცედურული ნაწილისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების (კონვენციის მე-13 მუხლის) დარღვევა.
საქმე „გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა 2009 წლის 30 მარტს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრების გაქცევის მცდელობისას მათი დაკავების დროს და დაკავების შემდგომ ციხის თანამშრომლების მხრიდან მომჩივნების არასათანადო მოპყრობას და ამ ფაქტის არასათანადო გამოძიებას. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებს დაზიანებები მიაყენეს  2009 წლის 30 მარტს, გაქცევის მცდელობისას, დაკავების დროს ან მოგვიანებით, მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შედეგად. შესაბამისად, მომჩივნების მიმართ სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა. კიდევ ორ მომჩივნის − რომიკ კასიანოვისა და ზურაბ გაჩეჩილაძის − მიმართ მსგავსი დარღვევა არ დადგინდა. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ოთხივე მომჩივნის მიმართ დაირღვა დამოუკიდებელი, ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების უფლება.
ევროპულმა სასამართლომ გიორგი გაბლიშვილისა და გიორგი მჭედლიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს  6 000-6 000 ევროს გადახდა დააკისრა, რომიკ კასიანოვისა და ზურაბ გაჩეჩილაძის კომპენსაციად კი 3 000-3 000 ევრო განსაზღვრა.
საქმე „მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2008 წელს მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობას. ზემოაღნიშნულ საქმეზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა დეკლარაცია, რითაც აღიარა მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა 2008 წლის 18 იანვარს მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო. მთავრობამ, ასევე, აღიარა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა შიდასამართლებრივი გასაჩივრების ქმედითი საშუალების არარსებობის გამო კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ საჩივრებზე.
შესაბამისად, მთავრობამ აიღო ვალდებულება, ეფექტიანად გამოიძიოს 2008 წლის 18 იანვარს მომხდარი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი, დაკითხოს ყველა მოწმე და გადაუხადოს მომჩივანს 3 500 ევრო კომპენსაციის სახით. მომჩივანი დაეთანხმა მთავრობის მიერ წარდგენილ დეკლარაციას, ხოლო დანარჩენ პრეტენზიებზე უარი განაცხადა.