ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გაცნობის მიზნით ჩამოვიდა

თარიღი: 17 აპრილი 2019
 


საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლუქსემბურგელ კოლეგას და ვიცე-პრემიერს ფელიქს ბრაზს შეხვდა, რომელიც საქართველოში ერთი დღით, სპეციალურად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გასაცნობად ჩამოვიდა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, ლუქსემბურგის პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.

ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას უძღვება, ამიტომაც მისი ინტერესის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და რეფორმა, რომელიც საქართველოში 2015-2016 წლებში საქართელოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელდა. ინოვაციური საკანონმდებლო ცვლილებები პოზიტიურად შეაფასეს დასავლეთის ქვეყნებმა და ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მათი შეფასებით, ქართული რეფორმის შედეგად შეიქმნა სპეციალიზებული ინსტიტუტი ბავშვთა მართლმსაჯულებისათვის, რომელიც  კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს, დანაშაულის მსხვერპლ ბავშვებსა და იმ ბავშვებს, ვისაც შეიძლება, მოწმის სტატუსი ჰქონდეს, სთავაზობს ისეთ მიდგომებს, რომლებიც  განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებისთვისაც  საყურადღებოა ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცულობის კუთხით.

თეა წულუკიანი ლუქსემბურგის იუსტიციის მინისტრს მედიაციის განვითარებაზე და დანაშაულის პრევენციის ცენტრის წარმატებებზეც ესაუბრა.

ლუქსემბურგის დელეგაცია  იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელსაც შეხვდება,  ფელიქს ბრაზი აღდგენითი მართლმსაჯულების დანაშაულის პრევენციის პროგრამებს და აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს გაეცნობა, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აძლევს საშუალებას, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, ჩადენილ ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოს ალტერნატიული ფორმით და განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის გარეშე.