საქართველოს, საფრანგეთის, მონაკოსა და ალბანეთის იუსტიციის მინისტრებმა „GRECO“-ს 20 წლის იუბილის აღსანიშნავი მაღალი დონის კონფერენცია გახსნეს

თარიღი: 17 ივნისი 2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ევროსაბჭოს „GRECO“-ს (სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ) 20 წლისთავს ეძღვნება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზატორობით მიმდინარე ღონისძიების მიზანი „GRECO“-ს წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, მათი საჭიროებების გამოვლენა და ანტიკორუფციული რისკების აღმოფხვრისათვის სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრაა.
კონფერენცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს, საფრანგეთის, მონაკოსა და ალბანეთის იუსტიციის მინისტრების გამოსვლით სტრასბურგში დღეს დილით გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებმა − ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრებმა, საერთაშორისო მისიებისა და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამომავლო სტრატეგიასა და ამოცანებზე ისაუბრეს.
იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს მიერ ბოლო წლებში სწრაფი ტრანსფორმაციის შედეგად მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ გააცნო და GRECO“-ს შეფასების მე-4 რაუნდის ფარგლებში განხორციელებულ წარმატებულ ანტიკორუფციულ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებმაც საქართველოს არაერთი გამარჯვება მოუტანა საერთაშორისო ასპარეზზე.
„კომპლექსურმა და ხანდახან მტკივნეულმა რეფორმებმა მოიტანა ის, რომ დღეს საქართველო თანამედროვე სახელმწიფო და ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა მსოფლიოში, თუმცა, კორუფციასთან ბრძოლა ყოველდღიურ ძალისხმევას საჭიროებს და ჩვენ გვიწევს ახალი თაობის კორუფციის რისკებთან ბრძოლა, რაშიც „GRECO“-ს რეკომენდაციები ძლიერ გვეხმარება“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ 2019 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში; „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2018 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, 180 ქვეყნიდან 41-ეა და უსწრებს იტალიას (53-ე), ხორვატიას (მე-60), რუმინეთს (61-ე), უნგრეთს (64-ე), ბულგარეთს (77-ე).
თეა წულუკიანმა ისაუბრა სასამართლოსა და პროკურატურის სისტემებში ჩატარებულ რეფორმებზე, რამაც უზრუნველყო მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება და გაზარდა ნდობა სასამართლოს მიმართ, პროკურატურა კი სრულად გაათავისუფლა აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენისაგან.
იუსტიციის მინისტრის თქმით, კორუფციის პრევენციის მნიშვნელოვანი მექანიზმია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა, რასაც დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლები უზრუნველყოფს, პატარა სოფლებში კი − საზოგადოებრივი ცენტრები. დღეისათვის საქართველოში 65 საზოგადოებრივი ცენტრი და 10 იუსტიციის სახლია, რომლებიც გამჭვირვალე, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას გასცემენ. სერვისების მიწოდების ქართული მოდელი სამაგალითოა ევროპის მოწინავე ქვეყნებისთვისაც.
თეა წულუკიანმა ისაუბრა ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საკანონმდებლო და პოლიტიკის განვითარების კუთხით, რაც მიმართულია კორუფციის აღმოფხვრასა და გამჭვირვალე საჯარო სექტორის ჩამოყალიბებისკენ. მან ყურადღება გაამახვილა დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული მოდელის განვითარებაზე, მამხილებელთა დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და საჯარო სექტორში განხორციელებულ სხვა რეფორმებზე.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკის შედეგი იყო საქართველოს არჩევა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარე ქვეყნად 2018 წელს და „OGP“-ის მსოფლიო სამიტის ჩატარება თბილისში გასული წლის ზაფხულში.