ინდონეზიის ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეწვია

თარიღი: 25 ივნისი 2019

ინდონეზიის რესპუბლიკის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრი ქართულ რეფორმებს ეცნობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა ინდონეზიის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ღონისძიება ჯაკარტაში 2017 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ინდონეზიას სერვისების გაცემის სფეროში გამოცდილებას უზიარებს.

თეა წულუკიანმა და სიაფრუდინ კამბომ კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა კეთდება ორივე ქვეყანაში სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით, მათ შორის სოფლად.

„საქართველო ინდონეზიასთან შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი სამუშაოების ჩატარება მოგვიწია იმისათვის, რომ 2020 წლის ბოლოსათვის თითქმის ყველა მუნიციპალურ ცენტრსა და დიდ სოფელში იუსტიციის სახლი ან საზოგადოებრივი ცენტრი არსებობდეს. სულ რამდენიმე დღეში მორიგი იუსტიციის სახლი ხონში გაიხსნება, ხოლო წლის ბოლომდე რამდენიმე საზოგადოებრივი ცენტრი შეემატება ჩვენს ინფრასტრუქტურას,” - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა მოქალაქის პორტალზე (www.my.gov.ge), რომელიც 70-ზე მეტი საჯარო და კერძო უწყებიდან მომსახურების დისტანციურად მიღების საშუალებას იძლევა.

შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საჯარო სექტორში ბლოკჩეინის სისტემის გამოყენება დაიწყო. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მას საკუთრების რეგისტრაციისათვის იყენებს. ბლოკჩეინის სისტემა უძრავი ქონების რეგისტრაციას კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის, საკუთრების უფლება კი უფრო უკეთ და საიმედოდაა დაცული.

სიაფრუდინ კამბომ ინდონეზიაში „საჯარო სერვისების მოლის“ მოდელის შემუშავებასა და ამ სერვისების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და მინისტრს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

ინდონეზიის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის სახლს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაც ეწვევა.