იუსტიციის მინისტრმა ყოფილ ევროპარლამენტართა დელეგაციას უმასპინძლა

თარიღი: 01 ოქტომბერი 2019
ევროპული სტანდარტის ინსტიტუციური დემოკრატიის და პოლიტიკური სისტემის მშენებლობა, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი ხარისხი, სამართლის უზენაესობის დამკვიდრება, მიგრაციის მართვის თანამედროვე მოდელის შემუშავება − ეს ის საკითხებია, რომლებზეც ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილ ევროპარლამენტართა დელეგაციას ესაუბრა.

თეა წულუკიანმა სტუმრებს ასევე დეტალურად გააცნო ის საქმიანობა, რასაც იუსტიციის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისათვის.

იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მართლმსაჯულების რეფორმის შედეგებზეც. ევროპარლამენტის ყოფილ წევრებს მან „IPSOS France“-ს კვლევა გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება სასამართლოსადმი ახლოს არის საერთო ევროპულ მაჩვენებელთან. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ, 2011 წელთან შედარებით, გამამართლებელი განაჩენები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სასამართლოს სანდოობის ზრდაზე მიუთითებს ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან შესული საჩივრების რაოდენობამ 2018 წელს, 2011 წლის მონაცემთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ იკლო.

იუსტიციის მინისტრი სტუმრებს მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებისათვის განხორციელებულ რეფორმებზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ კანონი მედიაციის შესახებ უკვე მიიღო საქართველოს პარლამენტმა, საარბიტრაჟო სისტემის განვითარებისათვის კი, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟთან წინა წლის დეკემბერში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს.

იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ძირითადი პრიორიტეტებია მცირე ციხეების მშენებლობა და პატიმრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; სამედიცინო სერვისების ხარისხის ზრდა; რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამების შემუშავება, რათა მსჯავრდებულები გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ. მინისტრმა სტუმრებს გააცნო ის მნიშვნელოვანი მიღწევები და შედეგები, რაც სისტემას აქვს ბოლო ერთი წლის განმავლობაში − სასჯელაღსრულების ყოფილი სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ.

შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „ევროჯასტსა“ და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში გადასვლა მიუთითებს იმას, რომ საქართველოს საგამოძიებო და საპროკურორო სისტემა ევროპის მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტების შესაბამისია; ნიშნავს ტრანსნაციონალურ დანაშაულთან კოორდინირებულ ბრძოლასა და ქართული მართლმსაჯულების სისტემის ევროპის მართლმსაჯულების სისტემაში ჩართვას.

ყოფილ ევროპარლამენტართა დელეგაცია საქართველოში 29 სექტემბრიდან იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დელეგაცია ვიზიტს 4 ოქტომბერს დაასრულებს.