მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს 3 იუსტიციის სახლისა და 6 საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დასაწყებად თანხა გამოუყო

თარიღი: 17 ოქტომბერი 2019
საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდიდან 5 300 000 ლარი გამოუყო. თანხა იმ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის დაწყებას მოხმარდება, რომელთა სატენდერო დოკუმენტაციაც რამდენიმე ხანია, მზადაა ან დასრულების პროცესშია.
 
შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო წელსვე შეძლებს, დაიწყოს იუსტიციის სახლების მშენებლობა წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში. „სამივე დიდი მუნიციპალური ცენტრია, სადაც სახელმწიფო სერვისები უკვე მრავალი წელია, არ გაიცემა სახარბიელო პირობებში და მიხარია, რომ ჩვენ წელს ჩავუყრით საფუძველს სწორედ ამ ადგილებში ისეთივე კომფორტული პირობების შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორიც არის სხვა დიდ ქალაქებში“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
 
ამავე თანხით შესაძლებელი ხდება 6 საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება. „დედოფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ჩოხატაურში, ბაღდათსა და ნინოწმინდაში გამოვაცხადებთ საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის ტენდერებს, რასაც ვერ ვაკეთებდით აქამდე, რადგან წელს მშენებლობებისთვის გათვალისწინებული თანხა გვქონდა ათვისებული“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.
 
მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრში ფუნქციონირებდეს იუსტიციის სახლი ან საზოგადოებრივი ცენტრი.
 
„ჩვენი მიზანია, რომ ორი საარჩევნო მანდატის ამოწურვის ბოლოს გვქონდეს მემკვიდრეობა, რომელსაც ჰქვია საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრში თანამედროვე პირობები, და შევძლოთ, ვთქვათ, რომ სერვისების სფეროში დავემშვიდობეთ საბჭოთა ინფრასტრუქტურას“, − აღნიშნა მინისტრმა.
 
ცნობისთვის: წლის ბოლომდე გაიხსნება იუსტიციის სახლი ბოლნისში და 10 საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალურ ცენტრსა და სოფელში. ამჟამად მიმდინარეობს 2 იუსტიციის სახლისა და 5 საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა და იგეგმება 6 იუსტიციის სახლისა და 6 საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, რომელთა დიდი ნაწილიც 2020 წელს უნდა დასრულდეს.