პროექტი „ღია შეხვედრები“ − თეა წულუკიანი ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

თარიღი: 21 ოქტომბერი 2019
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდა. თეა წულუკიანმა შეხვედრები გამართა მათხოჯის, გოჩაჯიხაიშის და ივანდიდის მოსახლეობასთან. შეხვედრას დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „ღია შეხვედრები“ რამდენიმე თვეა, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის პრიორიტეტებად ზოგიერთი შიდა გზის მოწესრიგება, სკოლისა და კულტურის სახლის რეკონსტრუქცია, სოციალური დახმარებების უფრო სამართლიანი განაწილება, სოფლის მეურნეობის პროგრამებზე უფრო მეტი და კვალიფიციური ინფორმაციის ფლობა დასახელდა.

სოფელ მათხოჯის მცხოვრებთა თქმით, შიდა გზებზე 250 ათას ლარამდე დაიხარჯა და დიდი მონაკვეთი გაკეთდა, მაგრამ დარჩენილია მეორე მონაკვეთი, რაც ამდენივე თანხას საჭიროებს. ეს სახსრები მუნიციპალიტეტს არ აქვს და სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარება აუცილებელია. მოსახლეობა მიწის რეგისტრაციის საკითხითაც დაინტერესდა.  იუსტიციის მინისტრმა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ადგილობრივებს სიახლე გააცნო. თეა წულუკიანის განცხადებით, მიწების უფასო და გამარტივებული წესით რეგისტრაცია, რომლის ვადაც 2020 წლის 1 იანვარს უნდა ამოწურულიყო, კვლავაც გაგრძელდება. მინისტრის განმარტებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

გზის საფარის მოწესრიგება, ზამთრისათვის შეშის მომარაგება და 1888 წელს დაარსებული სკოლის რეაბილიტაცია − ეს ის საკითხებია, რომლებიც სოფელ გოჩაჯიხაიშის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე წამოიჭრა. მოსახლეობის თქმით, პრობლემად რჩება დასაქმება, რის გამოც მამაკაცები სოფელს ტოვებენ და შორეულ ქალაქებში სამუშაოდ მიემგზავრებიან. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაინტერესდა − იქნებოდა თუ არა მათთვის მისაღები დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა ხონში, იქ, სადაც ყოფილი კოლონია ფუნქციონირებდა. დაწესებულება ადგილობრივებისთვის ათეულობით სამუშაო ადგილს შექმნიდა. მინისტრის ამ შეთავაზებას შეხვედრის მონაწილეები დადებითად გამოეხმაურნენ.

პროექტის ფარგლებში ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გასულ თვეს უკვე შეხვდა მოსახლეობას აჭარასა და გურიაში.