პროექტი „ღია შეხვედრები“ − გოჩა ლორთქიფანიძე რაჭის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

თარიღი: 15 ნოემბერი 2019
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში,  იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდა.
 
მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა სოფელ ხონჭიორის, ნამანევის, თხმორისა და გოგოლათის  მოსახლეობასთან. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
პროექტი „ღია შეხვედრები“ რამდენიმე თვეა საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და ამ საჭიროებების გათვალისწინებას სამინისტროების საქმიანობისას.
 
რაჭის სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად ზოგიერთი შიდა  გზის მოწესრიგება, სასმელი წყლის სისტემებზე მუშაობის დასრულება, მიწების განაწილების პრობლემა დასახელდა.
 
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ და ის დაგეგმილი მასშტაბური ცვლილებები გააცნო, რომელიც საქართველოს მთავრობამ 7 ნოემბერს დაამტკიცა. როგორც ცნობილია, მიწის რეგისტრაციის გასამარტივებლად კანონპროექტით ფართოვდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ლეგალიზების საფუძვლები,  მარტივდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე და სხვა.
 
შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.