სამინისტროს შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენელი რგოლი, რომელიც ემსახურება საზოგადოებას, ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, კანონიერების განმტკიცებას, ეროვნული კანონმდებლობის განვითარებასა და სრულყოფას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.


იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი  სფეროებია:

მოქალაქეთა მომსახურება:
იუსტიციის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი  სტრატეგიული მიზანი მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და  ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფაა. სწორედ, ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავდა იუსტიციის სახლის კონცეფცია, რომელიც მომხმარებლის სერვისთან და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივების თვალსაზრისით, რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთი შენობის ფარგლებში, ერთ სივრცეში აერთიანებს.
იუსტიციის სახლებში მომსახურებას ახორციელებენ სამინისტროს შემდეგი სსიპ-ები და სამსახურები:

  • სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახორციელებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას, დაბადების, გარდაცვალების, პირადობისა და ბინადრობის მოწმობების, პასპორტების გაცემას. 2009 წლიდან საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოს მოქალაქეთა მომსახურების ფუნქცია გადაეცა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს უძრავ და მოძრავ ქონებაზე უფლებების რეგისტრაციას.
  • სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველო არეგისტრირებს პოლიტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს, გასცემს ლიცენზიებს და ახორციელებს მონიტორინგს კერძო აღმასრულებლებზე.
  • ნოტარიუსთა პალატა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც არეგულირებს ნოტარიატის საქმიანობას.
  • ადმინისტრაცია იღებს და ამუშავებს მოქალაქეთა მიერ იუსტიციის სამინისტროში შეტანილ განცხადებებს, ორგანიზებას უწევს სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებებში მოქალაქეთა მიღების პროცესს, რეაგირებს მოქალაქეთა განცხადებებზე, რომელთა განხილვაც სცილდება სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს.
  • ეროვნული არქივი უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ხელმისაწვდომობას კანონით დადგენილ ფარგლებში, ასევე, ეროვნული საარქივო ფონდის შექმნასა და შევსებას.
  • აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს საქართველოს სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებას.
  • საკანონმდებლო მაცნე აქვეყნებს და ავრცელებს კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატულ აქტებს.
  • იუსტიციის სასწავლო ცენტრი სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლების მიზნით, ატარებს სხვადასხვა სამართლებრივ ტრენინგ-სემინარებს, რომელთა გავლა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს.


მართლმსაჯულების აღსრულება:
2008 წლის 10 ნოემბრიდან იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება გახდა საქართველოს პროკურატურა, რომელიც ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას,  გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობას, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.
მთავარი პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;
  • ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
  • სისხლის სამართლებრივ დევნა;
  • სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
  • თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების დაკავება, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების შეზღუდვის ან აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს;
  • სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობა როგორც მხარე - სახელმწიფო ბრალდება;
  • დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;
  • უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემა და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემა;


პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია:
იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს სამართლებრივ ექსპერტიზას და მონაწილეობს ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში მიზნობრივ სფეროებში.

ამ სახის საქმიანობას ახორციელებენ შემდეგი დეპარტამენტები:

  • ანალიტიკური დეპარტამენტი საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით აანალიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების საქმიანობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს შესაბამისი რეფორმების განხორციელების მიზნით. დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილეები მონაწილეობენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის რეფორმის, ინფორმაციის დაცულობის, კომპიუტერული დანაშაულების საკითხებზე მომუშავე ჯგუფებში.
  • სამართალშემოქმედების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ექსპერტიზასა და ნორმატული აქტების პროექტების მომზადებას
  • საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას. დეპარტამენტის უფროსი კოორდინაციას უწევს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობას.
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი საქართველოს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს წინადადებებს საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის და ხელს უწყობს რეკომენდაციების რეალიზებას.
  • ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო სავაჭრო და ფინანსური ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზას.


კანონმდებლობის ჰარმონიზაცია:
იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, ეროვნული კანონმდებლობისა და ნორმატული ბაზის შიდა შესაბამისობას (ურთიერთთავსებადობას), ხოლო, მეორეს მხრივ, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან. ამ კუთხით იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, პარლამენტთან, სხვა დარგობრივ სამინისტროებთან, ასევე, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ამ ტიპის საქმიანობას ახორციელებენ სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

  • სამართალშემოქმედების დეპარტამენტი აწარმოებს ნორმატული აქტების სახელმწიფო რეესტრსა და თვითმმართველი ერთეულების მიერ გამოცემული ნორმატული აქტების რეესტრს, ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული აქტების ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზს.
  • სამართალშემოქმედების დეპარტამენტი ახორციელებს ნორმატული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას ეროვნული კანონმდებლობის შიდა ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად (უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრა).
  • საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი შეიმუშავებს წინადადებებს ეროვნული კანონმდებლობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებებთან შესაბამისობის შესახებ. ასევე, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე, მისი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ.


წარმომადგენლობითი ფუნქცია:
იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს ეროვნულ სასამართლოებში, ასევე, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების არბიტრაჟებსა და სასამართლოებში.

ამ ფუნქციას ახორციელებენ სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

  • სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს საქართველოს სასამართლო ინსტანციებში მიმდინარე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობას. ამას გარდა, დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს საქართველოს სასამართლოების წინაშე მიმდინარე დავებში, სადაც სადავო თანხის ოდენობა აღემატება 1 მილიონ ლარს, ან თუ საქმე განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა.
  • არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო წარმომადგენლობას უცხო ქვეყნების სასამართლოებსა და არბიტრაჟებში.
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო წარმომადგენლობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმეებზე.
  • საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების აღსრულებას, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებში სხვა ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოებისაგან მტკიცებულებათა მოპოვებას ან ამ ორგანოებისათვის მტკიცებულებათა მიწოდებას, გაეროს და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოებში იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ანგარიშების წარდგენასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფოს წარმომადგენლობას.

 

 

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება

თარიღი: 24 მაისი 2013

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.

თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.

ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

ღონისძიების პროგრამა

ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა

თარიღი: 24 მაისი 2013

საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.

ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა.  როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.

დელეგაციამ  უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან,  ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.

ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და  გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები