ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ''ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ''
2012 წლის 19 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე „ხონიაკინა საქართველოს წინააღმდეგ".
ევროპულ სასამართლოში წარდგენილი განაცხადით, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ასაჩივრებდა მისი პენსიის ოდენობის ცვლილებას, რასაც მიიჩნევდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) დარღვევად. განმცხადებელი აგრეთვე მიუთითებდა, რომ მისი სარჩელების შედეგად წარმოებულ სასამართლო პროცესებში, ერთი და იმავე მოსამართლის მონაწილეობა არღვევდა მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფით (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) გათვალისწინებულ სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპს.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 23 დეკემბერს მიღებული ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ეხებოდა საჯარო მოხელეთა პენსიის ოდენობის ცვლილებას, იყო კანონიერი და ემსახურებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის მდგრადობისა და სახელმწიფო დანახარჯების რაციონალიზაციის ინტერესებს. ამასთან, ახალი კანონი არ იყო ერთი განყენებული სამართლებრივი ცვლილება, არამედ წარმოადგენდა მასშტაბური რეფორმის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავდა ყოფილი საჯარო მოხელეების მთლიანი საპენსიო სისტემის მოწესრიგებას. ამრიგად, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საპენსიო რეფორმა, რომელიც განხორციელებული იქნა 2005 წლის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, იყო ლეგიტიმური და არ ლახავდა განმცხადებლის კონვენციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
მე-6 მუხლთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად განმცხადებლის სასამართლო პროცესების თემატური მსგავსებისა, ისინი არ შეიძლება აღქმულიყო როგორც ერთი განგრძობადი საქმე, რადგან თითოეულს საფუძვლად ედო განსხვავებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. ამგვარად, ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე მოსამართლე მონაწილეობდა, განმცხადებლის საქმესთან დაკავშირებულ როგორც პირველ, ისე მეორე განხილვაში, ეჭვქვეშ არ აყენებდა სასამართლოს მიუკერძოებლობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ ასევე არ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევა.
განმცხადებლის დანარჩენი პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფით გათვალისწინებულ სხვა უფლებებსა და მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევას, სასამართლომ აშკარად დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ მიიღო განსახილველად.
იუსტიციის მინისტრი სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
ერევანში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გარიკ ჰარუთინიანს შეხვდნენ.
აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც (მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ) შეეხო. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გარიკ ჰარუთინიანმა, რომელიც ვენეციის კომისიის წევრია და რამდენიმე დღის წინ ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვას ვენეციაშიც ესწრებოდა, თეა წულუკიანს ხსენებული კომისიის შემქნასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გააცნო.
მინისტრმა და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ორი ქვეყნის კონსტიტუციებში არსებულ სამართლებრივ ხარვეზებზეც ისაუბრეს. საუბრის მთავარ საკითხს ისეთი კონსტიტუციის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც მომავალში თითოეული მოქალაქის კუთვნილება უნდა გახდეს. დაიგეგმა შემდგომი საქმიანი შეხვედრები.
მოგვიანებით, მინისტრი და მისი მოადგილე სომხეთის ადვოკატთა ასოციაციას ეწვივნენ. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანლის განცხადებით, თეა წულუკიანი პირველი ოფიციალური პირია საქართველოდან, ვინც სომხეთის ადვოკატთა ასოციაციას ესტუმრა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი სურვილია, რომ ადვოკატები იმაზე უფრო დიდი უფლებამოსილების მქონე პირები იყვნენ, ვიდრე დღეს არიან.
"ჩემი როგორც იუსტიციის მინისტრის როლს ვხედავ იმაში, რომ ხელი შევუწყო ადვოკატებს, რათა მათ ბრალდების მხარის მსგავსად, ყველა პირობა ჰქონდეთ საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისთვის" - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის შეფასებით, თეა წულუკიანის ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ვიზიტის სულისკვეთების გაგრძელებაა, რომლის მიზანსაც მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობის ახალ ფაზაში აყვანა წარმოადგენს.
"პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც ყველაფერთან ერთად ფართომასშტაბიან ეკონომიურ თანამშრომლობასაც გულისხმობს. ასეთი თანამშრომლობისთვის აუცილებელია, სამართლებრივ სფეროში აქტიური თანამშრომლობა და უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. ამ მხრივ იუსტიციის მინისტრის ვიზიტი და მისი შეხვედრები სომხეთის პოლიტიკურ წრეებთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო"- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე ტუნისში კონფერენციას ესწრება
აზრის გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ინტერნეტ სივრცეში - ეს ტუნისში გამართული კონფერენციის მთავარი თემებია, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბურჭულაძე ესწრება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული კონფერენცია ერთგვარ ფორუმს წარმოადგენს, სადაც 2011 წლის ტუნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ ყოველ წელს მსჯელობენ.
აღნიშნულ ფორუმზე, ორგანიზატორი ქვეყანის წარმომადგენლებს, მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებს.
როგორც ცნობილია კონფერენციის კიდევ ერთაქტუალურ თემას - ინტერნეტ-მთავრობის მნიშვნელობა და მისი ეფექტური მუშაობის საკითხები წარმოადგენს. ალექსანდრე ბურჭულაძე ზემოხსენებულ ფორუმზე კონფერენციის ორგანიზატორებს საქართველოს გამოცდილებასაც გააცნობს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა
„საქართველო უკანასკნელი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებლებს სისხლის სამართლის დამნაშავეებად განიხილავს. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ამ მიდგომის შესაცვლელად", - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სომხეთის გენერალურ პროკურორ ავჰან ჰოვსეპიანთან შეხვედრისას გააკეთა.
ერევანში ვიზიტით მყოფი თეა წულუკიანი დაინტერესდა, გაიზარდა თუ არა ნარკომომხმარებელთა რიცხვი მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნარკომომხმარებლის (რომელიც, ამავე დროს, არ არის რეალიზატორი) ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიიდან ამორიცხა.
გენერალური პროკურორის - ავჰან ოვსეპიანის, თქმით, სომხეთში კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ნარკომომხმარებელთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებით სიტუაცია არ გაუუარესებია.
„პირიქით, ისინი ამოვიდნენ სარდაფებიდან და დროთა განმავლობაში ინტერესიც დაიკარგა ნარკოტიკების მოხმარების მიმართ. ამჯერად, ოფიციალური სტატისტიკით, სომხეთში ნარკომომხმარებელთა რიცხვი საკმაოდ დაბალია", - აღნიშნა ჰოვსეპიანმა.
მან გაიხსენა ის „რევოლუციური" ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც, გამომძიებლებს დაავალა - ნარკომომხმარებელთა დაკავების ნაცვლად, ნარკოქსელის აღმოჩენასა და რეალიზატორების გამოვლენაზე ემუშავათ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვა საკითხებსაც, კერძოდ, საქართველოსა და სომხეთს შორის სამართლის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იმ რეფორმის შესახებ ისაუბრა, რომელიც პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებებს ერთმანეთისგან მიჯნავს.
„საქართველო ეძებს სწორ ადგილს პროკურატურისთვის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეხვედრაზე მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს სომხეთის გენერალური პროკურატურის განვითარების ეტაპები სომხეთის დამოუკიდებლობიდან დღემდე, თუ როგორ შეიცვალა კანონმდებლობა და როგორ დაიხვეწა პროკურატურის სტრუქტურა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსგავს საკითხებში ყველა ქვეყანას თავისი გამოცდილება აქვს. „ჩვენი მთავრობის სურვილია, დასრულდეს რომელიმე ერთი ქვეყნის გამოცდილების ბრმად კოპირება. ჩვენ გვსურს, ვიპოვოთ ის მოდელი, რომელიც დემოკრატიული და ჩვენთვის ყველაზე ორგანული იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.















