გაზეთ საჯარო რეესტრს რუსულენოვანი ჩანართი დაემატა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაზეთ „საჯარო რეესტრის" ჩანართი „დაისვენე საქართველოში" უკვე რუსულ ენაზეც გამოსცა. ჩანართი სახელწოდებით ,,Отдохни В Грузии" კვირაში ერთხელ, პარასკევობით გამოდის და განკუთვნილია საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტებისთვის.
გაზეთში განთავსებულია ინფორმაცია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში, ტურისტულად აქტიურ ზონებში მდებარე ბინების, სახლების, საოჯახო ტიპის სასტუმროების გაქირავების და მომსახურების შესახებ. ,,Отдохни В Грузии" საუკეთესო საშუალებაა საქართველოში სასწავლებლად, საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით მყოფი რუსულენოვანი მოქალაქებისთვის.
სულ ცოტა ხნის წინ სააგენტომ და „24 საათმა" მომხმარებელს ერთობლივი პროექტი - გაზეთი „საჯარო რეესტრი" შესთავაზა. გაზეთის ყოველ ნომერში 5000-ზე მეტი განცხადებაა განთავსებული უძრავი ქონების, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის, გაქირავების, აუქციონების, ვაკანსიების შესახებ.
გაზეთს თანდართული აქვს ასევე ინგლისურენოვანი ჩანართიც. უცხოენოვანი ჩანართების მეშვეობით, უცხოელი მოქალაქე მარტივად და კომფორტულად, მათთვის გასაგებ ენაზე შეძლებს მოიძიოს საოჯახო ტიპის სასტუმროები, ბინები და სხვა გასაქირავებელი უძრავი ქონება.
გაზეთის ინგლისური და რუსულენოვანი ჩანართი ხელს შეუწყობს ასევე ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას. იმ სეგმენტს, რომელსაც რეკლამირების ფინანსური საშუალებები შეზღუდული აქვთ, შეძლებენ უფასოდ განათავსონ თავიანთი გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირდაპირი კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან, რაც უცხოელი კლიენტების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება. მოქალაქის სურვილის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი უსასყიდლოდ უზრუნველყოფს განცხადების ტექსტის ინგლისურ ენაზე თარგმნას.
გაზეთი უკვე იყიდება საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებ ჯიხურებში. სულ მალე გაზეთის ინგლისური და რუსულენოვანი ჩანართი გავრცელდება აეროპორტებში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, საელჩოებში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში, რაც ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლისთანავე სწრაფად და მარტივად, შუამავლების გარეშე მოიძიონ მათთვის სასურველი ბინა, სახლი თუ სასტუმრო.
ინფორმაციისთვის:
სულ ცოტა ხნის წინ საჯარო რეესტრმა და „24 საათმა" მომხმარებელს ერთობლივი პროექტი - გაზეთი „საჯარო რეესტრი" შესთავაზა. გაზეთის ყოველ ნომერში 5000-ზე მეტი განცხადებაა განთავსებული უძრავი ქონების, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის, გაქირავების, აუქციონების, ვაკანსიების შესახებ.
საჯარო რეესტრმა ყველაზე პოპულარული და მაღალტირაჟიანი განცხადებების გაზეთის გამოცემა 10 თვის წინ დაიწყო და ის მომხმარებლებში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მომსახურების მისაღებად საჯარო რეესტრს ყოველდღიურად ასობით მოქალაქე უკავშირდება. შესაბამისად, ყველაზე მეტი ახალი განცხადება სწორედ ამ გაზეთში იყრის თავს. გაზეთის ფასი მხოლოდ 20 თეთრია.
გაზეთი ვრცელდება იუსტიციის სახლებში და იყიდება საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებ ჯიხურებში.
მოქალაქეებს გაზეთში ინფორმაციის განსათავსებლად შეუძლიათ აირჩიონ მათთვის ყველაზე მოსახერხებელი მომსახურება:დარეკონ ტელ: 29 111 29 ან საინფორმაციო ცენტრ 09-ში და ოპერატორს უკარნახონ განცხადების შინაარსი. ან შეავსონ განცხადება საჯარო რეესტრის ოფისში, ან საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ნებისმიერ ჯიხურში და აქვე მოათავსე ნარინჯისფერ ყუთში.
გ
ანცხადება მიწოდებიდან 3 დღეში , გაზეთის 4 ნომერში ზედიზედ განთავსდება.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.
თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.
ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა
საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.
ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა. როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.
დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.
ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.
იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.
„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები" საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.















