თბილისის იუსტიციის სახლის გადახურვის სამუშაოები სრულდება

თარიღი: 27 ივლისი 2012

თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის მონტაჟი სრულდება. ინტერნაციონალურ მშენებლობაზე რამდენიმე ქვეყნის სპეციალისტები მუშაობენ. გადახურვით სამუშაოებზე ქართველი, იტალიელი, თურქი  და ჩინელი მშენებლები არიან დასაქმებული. სულ მშენებლობაზე 500 საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.

თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის ლითონის კონსტრუქცია თურქეთში აეწყო. საქართველოში ის 40 ქართველმა შემდუღებელმა ჩამოიტანა. სამონტაჟო სამუშაოები ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა.

სამუშაოები არ წყდება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიებზეც, წესრიგდება ინფრასტრუქტურა, სკვერი. მსოფლიოში ყველაზე დიდი სერვისცენტრი პირველი მომხმარებლების მიღებას შემოდგომიდან შეძლებს.

თბილისის იუსტიციის სახლის პროექტი  ცნობილ იტალიელ  არქიტექტორს   მასიმილიანო ფუკსას ეკუთვნის. შენობა ოთხსართულიანია  და  მისი საერთო ფართობი 27 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. მხოლოდ მომსახურების დარბაზი 7 000 კვადრატული მეტრია და 300 ოპერატორზეა გათვლილი.

არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე,  სავარაუდოდ, თბილისის იუსტიციის სახლი დღის  განმავლობაში 15 000-20 000-მდე ტრანზაქციას განახორციელებს.

თბილისის იუსტიციის სახლში, საკუთრივ იუსტიციის სამინისტროს სერვისცენტრების გარდა,   განთავსდება  სამოქალაქოსა საჯარო რეესტრების ბექ-ოფისები, ეროვნული ბანკი,  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ბანკების - თიბისის, საქართველოს ბანკისა და  ლიბერთის  ფილიალები. აქ მოსული მომხმარებელი შეძლებს, ისარგებლოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სერვისებით. თბილისის იუსტიციის სახლი მომხმარებლებს შესთავაზებს  Just Drive-სა და JustCafe-ს. რაც იმას ნიშნავს, რომ სასურველი მომსახურების მიღებას მოქალაქე  მანქანიდან გადაუსვლალად ან კაფეში სტუმრობისასაც შეძლებს.

იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების, ასევე სხვა უწყებების  სერვისები არა  მექანიკურად, არამედ - იდეურად და სისტემურად არის გაერთიანული. მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო,  მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და კეთილგანწყობილი პერსონალი  მომხმარებელთა  თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს. იუსტიციის სახლის კონცეფცია ქართული ნოვაციაა, ამდენად, მის მიმართ ინტერესი  დიდია - ერთი წლის მანძილზე სერვისცენტრმა ათასამდე უცხოურ დელეგაციას უმასპინძლა.

იუსტიციის სახლი  მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია -   სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისათვის დაწესებულ ნომინაციაში ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამარჯვებული გახდა. სულ ახლახანს კი სერვისცენტრი, როგორც ყველაზე კომფორტული და ინოვაციური სერვისცენტრი, ინგლისის ლორდთა პალატაში დისკუსიის მთავარი თემა გახდა.

 

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება

თარიღი: 24 მაისი 2013

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.

თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.

ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

ღონისძიების პროგრამა

ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა

თარიღი: 24 მაისი 2013

საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.

ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა.  როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.

დელეგაციამ  უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან,  ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.

ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და  გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16
19 22 23 25
26 27 28 29 30 31  

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები