ქალაქ მცხეთაში ქორწინების სახლი გაიხსნა

თარიღი: 11 აგვისტო 2012

ქალაქ მცხეთაში, ქორწინების სახლი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ გახსნა და პირველი წყვილის ქორწინების ცერემონიალს დაესწრო.  წყვილმა ქეთევან ქუთათელმა და ნიკოლოზ მაღალაშვილმა ხელი საზეიმო რიტუალის თანხლებით მოაწერეს.

ამავე ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან მდებარე ქორწინების სახლის გახსნა მცხეთის რეკონსტრუქციის გეგმის ნაწილი იყო.

თანამედროვე სთანდარტების შესაბამისი მცხეთის ქორწინების სახლის დიზაინი კომპანია „მაგი სტილმა" შექმნა. არსუკიძის ქ. #3-ში მდებარე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მცხეთის ქორწინების სახლის სარემონტო სამუშაოები აპრილში დაიწყო და რამდენი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

იუსტიციის მინისტრი სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

თარიღი: 18 ივნისი 2013

ერევანში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გარიკ ჰარუთინიანს შეხვდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც (მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ) შეეხო. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გარიკ ჰარუთინიანმა, რომელიც ვენეციის კომისიის წევრია და რამდენიმე დღის წინ ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვას ვენეციაშიც ესწრებოდა, თეა წულუკიანს ხსენებული კომისიის შემქნასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გააცნო.

მინისტრმა და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ორი ქვეყნის კონსტიტუციებში არსებულ სამართლებრივ ხარვეზებზეც ისაუბრეს. საუბრის მთავარ საკითხს ისეთი კონსტიტუციის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც მომავალში თითოეული მოქალაქის კუთვნილება უნდა გახდება. დაიგეგმა შემდგომი საქმიანი შეხვედრები.

მოგვიანებით, მინისტრი და მისი მოადგილე სომხეთის ადვოკატთა ასოციაციას ეწვივნენ. ადვოკატთა ასოციაციის  ხელმძღვანლის განცხადებით, თეა წულუკიანი პირველი ოფიციალური პირია საქართველოდან, ვინც სომხეთის ადვოკატთა ასოციაციას ესტუმრა. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი სურვილია, რომ ადვოკატები იმაზე უფრო დიდი უფლებამოსილების მქონე პირები იყვნენ, ვიდრე  დღეს არიან.

"ჩემი როგორც იუსტიციის მინისტრის როლს ვხედავ იმაში, რომ ხელი შევუწყო ადვოკატებს, რათა მათ ბრალდების მხარის მსგავსად, ყველა პირობა ჰქონდეთ საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისთვის" - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის შეფასებით,  თეა წულუკიანის ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ვიზიტის სულისკვეთების გაგრძელებაა, რომლის  მიზანსაც მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობის ახალ ფაზაში აყვანა წარმოადგენს.  

"პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც ყველაფერთან ერთად ფართომასშტაბიან ეკონომიურ თანამშრომლობასაც გულისხმობს. ასეთი თანამშრომლობისთვის აუცილებელია, სამართლებრივ სფეროში აქტიური თანამშრომლობა და უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. ამ მხრივ იუსტიციის მინისტრის ვიზიტი და მისი შეხვედრები სომხეთის პოლიტიკურ წრეებთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო"- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე ტუნისში კონფერენციას ესწრება

თარიღი: 18 ივნისი 2013

აზრის გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ინტერნეტ სივრცეში - ეს ტუნისში გამართული კონფერენციის მთავარი თემებია, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბურჭულაძე ესწრება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული კონფერენცია ერთგვარ ფორუმს წარმოადგენს, სადაც 2011 წლის ტუნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ ყოველ წელს მსჯელობენ.

აღნიშნულ ფორუმზე, ორგანიზატორი ქვეყანის წარმომადგენლებს, მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებს.

როგორც ცნობილია კონფერენციის კიდევ ერთაქტუალურ თემას - ინტერნეტ-მთავრობის მნიშვნელობა და მისი ეფექტური მუშაობის საკითხები წარმოადგენს. ალექსანდრე ბურჭულაძე ზემოხსენებულ ფორუმზე კონფერენციის ორგანიზატორებს საქართველოს გამოცდილებასაც გააცნობს.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა

თარიღი: 18 ივნისი 2013

„საქართველო უკანასკნელი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებლებს სისხლის სამართლის დამნაშავეებად განიხილავს. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ამ მიდგომის შესაცვლელად", - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სომხეთის გენერალურ პროკურორ ავჰან ჰოვსეპიანთან შეხვედრისას გააკეთა.

ერევანში ვიზიტით მყოფი თეა წულუკიანი დაინტერესდა, გაიზარდა თუ არა ნარკომომხმარებელთა რიცხვი მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნარკომომხმარებლის (რომელიც, ამავე დროს, არ არის რეალიზატორი) ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიიდან ამორიცხა.

გენერალური პროკურორის - ავჰან ოვსეპიანის, თქმით, სომხეთში კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ნარკომომხმარებელთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებით სიტუაცია არ გაუუარესებია.

„პირიქით, ისინი ამოვიდნენ სარდაფებიდან და დროთა განმავლობაში ინტერესიც დაიკარგა ნარკოტიკების მოხმარების მიმართ. ამჯერად, ოფიციალური სტატისტიკით, სომხეთში ნარკომომხმარებელთა რიცხვი საკმაოდ დაბალია", - აღნიშნა ჰოვსეპიანმა.

მან გაიხსენა ის „რევოლუციური" ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც, გამომძიებლებს დაავალა - ნარკომომხმარებელთა დაკავების ნაცვლად, ნარკოქსელის აღმოჩენასა და რეალიზატორების გამოვლენაზე ემუშავათ.  

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვა საკითხებსაც, კერძოდ, საქართველოსა და სომხეთს შორის სამართლის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იმ რეფორმის შესახებ ისაუბრა, რომელიც პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებებს ერთმანეთისგან მიჯნავს.

„საქართველო ეძებს სწორ ადგილს პროკურატურისთვის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეხვედრაზე მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს სომხეთის გენერალური პროკურატურის განვითარების ეტაპები სომხეთის დამოუკიდებლობიდან დღემდე, თუ როგორ შეიცვალა კანონმდებლობა და როგორ დაიხვეწა პროკურატურის სტრუქტურა.  

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსგავს საკითხებში ყველა ქვეყანას თავისი გამოცდილება აქვს. „ჩვენი მთავრობის სურვილია, დასრულდეს რომელიმე ერთი ქვეყნის გამოცდილების ბრმად კოპირება. ჩვენ გვსურს, ვიპოვოთ ის მოდელი, რომელიც დემოკრატიული და ჩვენთვის ყველაზე ორგანული იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კალენდარი

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
           
2 3 4 5 6 7 8
9 12
16 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები