საერთაშორისო სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ
17 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტროში სტაჟირების საერთაშორისო პროგრამა დასრულდა. პრინსტონის, ემორის, ლაიდენის, ფრიბურგის, ნიუ იორკის, ასევე ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებმაც იუსტიციის სამინისტროს სხავადასხვა დეპარტამენტში ერთთვიანი პრაქტიკა გაიარეს, სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.
ევროპისა და ამერიკის 10 წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტები კონკურსისა და ონლაინ ინტერვიუების საფუძველზე შეირჩნენ. ყველაზე მოტივირებულმა და აქტიურმა ახალგაზრდებმა საქართველოში სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმები შეისწავლეს. მათთვის ყველაზე საინტერესო კორუფციისა და კრიმონალის წინააღმდეგ ბრძოლა, აგრეთვე - სახელმწიფო მომსახურების სფეროში განხორციელებული სიახლეები აღმოჩნდა.
ერთთვიანი პრაქტიკის ფარგლებში უცხოელმა სტუდენტებმა ბათუმის იუსტიციის სახლიც დაათვალიერეს. აქ მათ საშუალება მიეცათ, საკუთარი თვალით ენეხათ, თუ როგორ განხორციელდა მსოფლიოში ანალოგის არმქონე პროექტი, სახელმწიფო სერვისების ყველაზე მასშტაბური გაერთიანება - იუსტიციის სახლები, გაეცნენ მის კონცეფციას და მომსახურების სტანდარტებს. პროგრამის ფარგლებში სტაჟორები, იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა სამთავრობო უწყებებსაც ეწვივნენ, დაათვალიერეს საქართველოს კუთხეები და გაეცნენ ქართულ კულტურას.
პროგრამის დასასრულს სტუდენტებმა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს. მათი თქმით, საქართველოში სტაჟირებისას მიღებული გამოცდილება სრულიად განსაკუთრებული აღმოჩნდა როგორც თეორიული ცოდნის, ისე - პრაქტიკული მუშაობისათვის საჭირო კონკრეტული უნარ-ჩვევების შესაძენად. ახალგაზრდებმა იმედი გამოთქვეს, რომ ამგავრი გამოცდილების მიღების საშუალებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ არაერთ მათ თანატოლს მისცემს, საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა გაგრძელდება და მასში უფრო მეტი უცხოელი ახალგაზრდა ჩაერთვება.
საკუთარ უნივერსიტეტებში დაბრუნების შემდგომ, სტუდენტები საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ სტატიებს მოამზადებენ, რაც კიდევ უფრო გაზრდის უცხოელი ახალგაზრდების ინტერესს საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ, აამაღლებს ქვეყნის ცნობადობას ევროპისა და ამერიკის სტუდენტებს შორის.
საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა საქართველოში წელს პირველად განხორციელდა. სამომავლოდ იუსტიციის სამინისტრო პროგრამის გაფართოებას გეგმავს - ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.
იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.
„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები" საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.
უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში
21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.
აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ჩაერთვნენ.
„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.
მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები
გთავაზობთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სიას, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.
შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.
პრეტენდენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.
შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია















