საზოგადოებრივი პროკურატურა

საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურა გულისხმობს მოქალაქეთა, სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების უშუალო თანამშრომლობას ადგილობრივ პრობლემათა გადაჭრისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების საკითხებში, დანაშაულისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენაში. საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა მოსახლეობასთან თანამშრომლობით და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების ზრდა.

საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტები საქართველოს პროკურატურის სისტემაში 2007 წლიდან მიმდინარეობს. ამჟამად, საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტები ხორციელდება პროკურატურის 15 რეგიონულ ოფისში - ქალაქ თბილისის ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის რაიონებში, თელავში, მცხეთაში, ახალციხეში, ზესტაფონში, გორში, ხაშურში, ქუთაისში, ბათუმში, საჩხერეში, ბოლნისსში, რუსთავში ოზურგეთსა და შუახევში.  გრძელვადიანი პროექტები რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება. მათ საფუძვლად უდევს მცხეთისა და თელავის საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტების წარმატებული გამოცდილება და ძალისხმევა.

მაგალითად, მცხეთის რაიონული პროკურატურის საზოგადოებრივი პროკურატურის ფარგლებში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომდგენლებთან, საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურის თემაზე, არა ერთი შეხვედრა-სემინარი, საკონსულტაციო საბჭო, სოციალური ღონისძიება გაიმართა. დიალოგის მიზანი მცხეთის რაიონისთვის დამახასიათებელ დანაშაულთან ბრძოლის ტრადიციულ გზებთან ერთად პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული მეთოდების შემუშავება გახლდათ. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო უწყებების და საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობასა და დანაშაულის პრევენციაზე და, პროკურატურის კოორდინაციით, გატარდა რომდენიმე ნოვაციური ღონისძიება. შედეგი: მცხეთის რაიონში დანაშაულის მკვეთრი შემცირება და პროკურატურის საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლება.

დანაშაულის პრევენციული მიდგომების მეშვეობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების, სკოლებში ვიზიტების, სოციალური ღონისძიებების, ადგილობრივი საკონსულტაციო საბჭოსა და სხვა პროგრესული საშუალებების დახმარებით, პროკურატურის ადგილობრივი ოფისები უკეთ შეძლებენ უპასუხონ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. ამასთან, წინამდებარე ღონისძიებები ხელს უწყობს დანაშაულებრივი პრობლემების შემცირებას ალტერნატიული ზომების გამოყენებით, პროკურატურის სამსახურისა და ზოგადად სისხლის სამართლის სისტემის მიმართ ინფორმირებულობისა და ნდობის  გაზრდას.

იხილე ფოტო გალერეა

 

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

უანგარო დონორთა აქცია იუსტიციის სამინისტროში

თარიღი: 21 მაისი 2013

21 მაისს იუსტიციის სამინისტროში აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. მასში მონაწილეობა შეეძლო იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ჩაერთვნენ.

„ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა და იმედი გამოთქვა, რომ აქციაში -  „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.

მსურველთა სიმრავლის გამო, უფასო დონორობის აქცია იუსტიციის სამინისტროში რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპის შედეგები

თარიღი: 20 მაისი 2013

გთავაზობთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მონაწილეთა სიას, რომელთაც წარმატებით გადალახეს გამოცდის პირველი ეტაპი - ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში.

შეგახსენებთ, რომ გამოცდის პირველი ეტაპი, ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, 2013 წლის 18 მაისს გაიმართა იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდა კომპიუტერული პროგრამით ჩატარდა, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა, ტესტის დასრულებისთანავე ენახათ საკუთარი შედეგები.

პრეტენდენტები, რომლებმაც 100 მაქსიმალურიდან 70 ქულა ან მეტი დააგროვეს, 25 მაისს პროფესიულ ტესტირებაში მიიღებენ მონაწილეობას.

შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია

 

 

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

სწრაფი ბმულები