ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილ სახელმწიფოთაშორის განაცხადებთან დაკავშირებით

საქართველოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი აქვს ორი სახელმწიფოთაშორისი განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

პირველი განაცხადი საქართველოს მთავრობამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეიტანა 2007 წლის 26 მარტს. აღნიშნული განაცხადი უკავშირდებოდა რუსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეების დევნას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მოპასუხე სახელმწიფოს დამსჯელობითი პოლიტიკა მიმართული იყო ქართველი იმიგრანტი მოსახლეობის შევიწროებისკენ მათი გამოდევნის მიზნით.

აღნიშნული განაცხადი შეეხება სხვადასხვა ტიპის დარღვევებს, რომლებიც განმეორებით ხასიათს ატარებდნენ, მათ შორის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების, საკუთრების უფლების და ა.შ. დარღვევის შემთხვევებს. რამდენიმე შემთხვევაში, დაკავებამ, რომელსაც მოყვა აუტანელ პირობებში განთავსება 3 ქართველის გარდაცვალება გამოიწვია.

2009 წლის 16 აპრილს გაიმართა საჯარო მოსმენა პირველი სახელმწიფოთაშორისი სარჩელის დასაშვებობაზე. 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ განაცხადი დასაშვებად გამოაცხადა. ამჟამად მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.

საქართველოს მთავრობამ მეორე სახელმწიფოთაშორისი განაცხადი შეიტანა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის და შემდგომი ოკუპაციის დროს კონვენციის დარღვევებთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ სასამართლოს წარუდგინა კონვენციის ფართომასშტაბიანი და სისტემატური დარღვევის მტკიცებულებები, უშუალოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ან მხარდაჭერით ან ჩადენილი მარიონეტული რეჟიმის შეიარაღებული ფორმირებების მიერ რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე.

განაცხადი შეეხება სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევებს, წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის გამოყენებას, ასევე თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, საკუთრების უფლების, განათლების უფლების და გადაადგილების თავისუფლების სავარაუდო დარღვევებს.

სასამართლოს აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ პირველად მიმართა 2008 წლის 11 აგვისტოს. ამის შემდეგ პერიოდულად ხდებოდა მიმდინარე დარღვევებზე  ინფორმაციის მიწოდება. სრული განაცხადი თანდართული მასალების წარდგენილ იქნა 2009 წლის 6 თებერვალს. 2010 წლის 10 მარტს საქართველოს მთავრობამ დამატებითი კომენტარები წარადგინა განაცხადის დასაშვებობასთან დაკავშირებით.

2011 წლის სექტემბერში სასამართლო გამართავს ზეპირ მოსმენას განაცხადის დასაშვებობასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2008 წლის 12 აგვისტოს სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა კონვენციის სერიოზული დარღვევების რეალური და განგრძობადი საფრთხე და მიუთითა შუალედური ღონისძიებები სასამართლოს წესების, კერძოდ 39-ე წესის შესაბამისად. მან მხარეებს მოუწოდა კონვენციით, უფრო კონკრეტულად მე-2 და მე-3 მუხლით  გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ. დროებითი ღონისძიებები კვლავაც მოქმედებს, რადგან სასამართლოს მათ შეწყვეტასთან დაკავშირებით მითითება არ მიუცია.

მიმაგრებული დოკუმენტები:

 

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება

თარიღი: 24 მაისი 2013

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და 26 ქალაქში გაიმართება. ღონისძიებები 12:00 საათიდან 21:30 საათის ჩათვლით გაიმართება. თბილისში ღონისძიებები 3 ადგილას - რუსთაველის და თავისუფლების გამზირზე, გლდანში და ვარკეთილში გაიმართება.

თბილისის გარდა საზეიმო ღონისძიებები შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბათუმი, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, ლანჩხუთი, მარნეული, მესტია, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საჩხერე, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი, ცაგერი და წალკა.

ღონისძიებებს 21:30 საათზე, როგორც თბილისში, ასევე 26 ქალქში საქართველოს ეროვნული ჰიმნი და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.

ღონისძიების პროგრამა

ქართული დელეგაცია ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობას ეცნობა

თარიღი: 24 მაისი 2013

საქართველოს დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მუშაობის პრინციპებსა და პრაქტიკას ეცნობა. იუსტიციის სამინისტროდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი ირინა წაქაძე.

ვიზიტის აუცილებლობა „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის" შექმნამ წამოჭრა.  როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამაზადა და ვენეციის კომისიაში გადააგზავნა საქართველოს კანონის პროექტი „მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ". ვიზიტის ძირითადი მიზანი ამ კანონპროექტის დახვეწის მიზნით ნორვეგიული გამოცდილების მიღებაა.

დელეგაციამ  უკვე გამართა შეხვედრები ნორვეგიის სისხლის სამართლის საქმეთა გადასინჯვის კომისიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ქალბატონ ჰელენ სეტერთან, აგრეთვე - კომისიის პირველ თავმჯდომარესთან, ქალბატონ იანე ქრისტიანსენთან. შეხვედრები გაიმართა ნორვეგიის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან,  ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორ ულფ სტრიდბეკთან, რომელიც ნორვეგიული კომისიის შექმნის იდეის ერთ-ერთი მთავარი ავტორი იყო.

ვიზიტის ორგანიზატორია საქართველოში ნორვეგიის სამართლის უზენაესობის მისიის (NORLAG) და  გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში.

იუსტიციის მინისტრი ''სტრასბურგის ევროპულ შეხვედრებში'' მონაწილეობს

თარიღი: 21 მაისი 2013

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგში, ევროპარლამენტში, იმყოფება. თეა წულუკიანი „სტრასბურგის ევროპული შეხვედრების" მერვე კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიება ევროპის ქვეყნების საჯარო სამსახურებში ქალთა საქმიანობის პრობლემებს ეხება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის გარდა, მასში მონაწილეობენ ევროპარლამენტის დეპუტატი ქალები, საფრანგეთის ქალთა უფლებების სამინისტრო, ფრანგი სენატორი და სტრასბურგის ყოფილი მერი ფაბიენ კელერი, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

კონფერენცია მრგვალი მაგიდის ფორმატში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრი საკითხის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია, აგრეთვე, მისი სიტყვით გამოსვლა.

„სტრასბურგის ევროპული შეხვედრები"  საჯარო ადმინისტრაციის ევროპული ცენტრისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ტარდება.  

 

სწრაფი ბმულები