იუსტიციის სამინისტროს განცხადება განცხადება

თარიღი: 20 ივნისი 2013

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ჭირდება ამომრჩეველთა დაზუსტებული ერთიანი სია, რომელიც სანდოობის მაღალი ხარისხით ისარგებლებს და ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს კითხვის ნიშნებს.

ზუსტი და სანდო ერთიანი საარჩევნო სიის შედგენაში ეფექტიანი მონაწილეობის მიღება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მის სამოქალაქო რეესტრს შეუძლია იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რასაც ის ფლობს. ამ მიმართულებით მუშაობა სააგენტოში დღესაც გრძელდება.

თუ რამდენად ფართო ფუნქციები დაეკისრება სამოქალაქო რეესტრს ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირებაში, ამ საკითხზე მსჯელობას ინტერფრაქციული ჯგუფი აგრძელებს. როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუკი ინტერფრაქციული ჯგუფი დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას, სამოქალაქო რეესტრი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეძლებს მაქსიმალურად გამოასწოროს ის ცდომილებები, რაც აქამდე არსებობდა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, სამოქალაქო რეესტრი ჩვეულ რეჟიმში ითანამშრომლებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რომელიც, ამჟამად მოქმედი კანონის მიხედვით, არის ერთიანი საარჩევნო სიის შემდგენელი ორგანო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მიიჩნევს, რომ ერთიანი საარჩევნო სია საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესის საგანია და ამ თემის პოლიტიზირება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან არ ღირს.

 

 

 

იუსტიციის მინისტრი სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

თარიღი: 18 ივნისი 2013

ერევანში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გარიკ ჰარუთინიანს შეხვდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც (მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ) შეეხო. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გარიკ ჰარუთინიანმა, რომელიც ვენეციის კომისიის წევრია და რამდენიმე დღის წინ ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვას ვენეციაშიც ესწრებოდა, თეა წულუკიანს ხსენებული კომისიის შემქნასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გააცნო.

მინისტრმა და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ორი ქვეყნის კონსტიტუციებში არსებულ სამართლებრივ ხარვეზებზეც ისაუბრეს. საუბრის მთავარ საკითხს ისეთი კონსტიტუციის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც მომავალში თითოეული მოქალაქის კუთვნილება უნდა გახდეს. დაიგეგმა შემდგომი საქმიანი შეხვედრები.

მოგვიანებით, მინისტრი და მისი მოადგილე სომხეთის ადვოკატთა ასოციაციას ეწვივნენ. ადვოკატთა ასოციაციის  ხელმძღვანლის განცხადებით, თეა წულუკიანი პირველი ოფიციალური პირია საქართველოდან, ვინც სომხეთის ადვოკატთა ასოციაციას ესტუმრა. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი სურვილია, რომ ადვოკატები იმაზე უფრო დიდი უფლებამოსილების მქონე პირები იყვნენ, ვიდრე  დღეს არიან.

"ჩემი როგორც იუსტიციის მინისტრის როლს ვხედავ იმაში, რომ ხელი შევუწყო ადვოკატებს, რათა მათ ბრალდების მხარის მსგავსად, ყველა პირობა ჰქონდეთ საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისთვის" - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის შეფასებით,  თეა წულუკიანის ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ვიზიტის სულისკვეთების გაგრძელებაა, რომლის  მიზანსაც მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობის ახალ ფაზაში აყვანა წარმოადგენს.  

"პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც ყველაფერთან ერთად ფართომასშტაბიან ეკონომიურ თანამშრომლობასაც გულისხმობს. ასეთი თანამშრომლობისთვის აუცილებელია, სამართლებრივ სფეროში აქტიური თანამშრომლობა და უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. ამ მხრივ იუსტიციის მინისტრის ვიზიტი და მისი შეხვედრები სომხეთის პოლიტიკურ წრეებთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო"- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე ტუნისში კონფერენციას ესწრება

თარიღი: 18 ივნისი 2013

აზრის გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ინტერნეტ სივრცეში - ეს ტუნისში გამართული კონფერენციის მთავარი თემებია, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბურჭულაძე ესწრება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული კონფერენცია ერთგვარ ფორუმს წარმოადგენს, სადაც 2011 წლის ტუნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ ყოველ წელს მსჯელობენ.

აღნიშნულ ფორუმზე, ორგანიზატორი ქვეყანის წარმომადგენლებს, მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებს.

როგორც ცნობილია კონფერენციის კიდევ ერთაქტუალურ თემას - ინტერნეტ-მთავრობის მნიშვნელობა და მისი ეფექტური მუშაობის საკითხები წარმოადგენს. ალექსანდრე ბურჭულაძე ზემოხსენებულ ფორუმზე კონფერენციის ორგანიზატორებს საქართველოს გამოცდილებასაც გააცნობს.

 

ცხელი ხაზი

საქართველოს პროკურატურა

იუსტიციის სახლი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

საქართველო - უსაფრთხო ქვეყანა

სისხლის სამართლის რეფორმა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯურების რეფორმა

საერთაშორისო სასამართლოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ხშირად დასმული კითხვები

სწრაფი ბმულები