მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაცია

სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა

 

 


 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაცია

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიის) რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიის) დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციისათვის წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:

    ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);

    ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;

    გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის,დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;

    დ) პარტიის წესდება;

    ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ;

    ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;

    ზ)  პარტიის ბეჭდის, ემბლემის და სხვა სიმბოლიკის ესკიზები, თუ ასეთები გამოიყენება.

    თ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის (500 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიის) რეგისტრაციის ვადა

გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ მიიღება ერთი თვის ვადაში განაცხადების შეტანის დღიდან.

 

რეგისტრაციისათვის წარდგენილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის) წესდება უნდა შეიცავდეს:

    ა) პარტიის სახელწოდებას, აგრეთვე მის შემოკლებულ დასახელებას, თუ ასეთი გამოიყენება;

    ბ) პარტიის იურიდიულ მისამართს;

    გ) პარტიის საქმიანობის მიზნებს (ამოცანები) და მათი განხორციელების ფორმებს;

    დ) პარტიის წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის წესსა და პირობებს;

    ე) პარტიის წევრის უფლება-მოვალეობებს;

    ვ) პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურას;

    ზ) პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის წესს, მათ კომპეტენციას და უფლებამოსილების ვადას;

    თ) პარტიის ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალს და წარმომადგენლობის ფარგლებს;

    ი) პარტიის ქონების შექმნის წყაროებსა და მისი გამოყენების წესს;

    კ) წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესსა და პირობებს;

    ლ) პარტიის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებს (რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის წესები);

    მ) პარტიის სიმბოლიკის აღწერილობას, თუ ასეთი გამოიყენება.

 


 

შემოქმედებითი კავშირის დაფუძნება

შემოქმედებითი კავშირის დამფუძნებელი შეიძლება იყოს შემოქმედ მუშაკთა (ქმედუნარიან ფიზიკურ პირთა) საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც არანაკლებ 5 პირია გაერთიანებული. დამფუძნებელი არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. შემოქმედებითი კავშირის დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც არანაკლებ 5 პირია გაერთიანებული, ატარებს დამფუძნებელ ყრილობას (კონფერენციას) და მისი ჩატარების დღიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას. დამფუძნებელ ყრილობას (კონფერენციას) უნდა დაესწროს და მისი ოქმი უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა.

 

შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაცია

შემოქმედებითი კავშირის სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტები:

    ა) განცხადება კავშირის ხელმძღვანელი ორგანოს წევრთა ხელმოწერით და მათი საცხოვრებელი ადგილის მისამართების მითითებით;

    ბ) კავშირის დამფუძნებელი ყრილობის (კონფერენციის) ოქმი;

    გ) კავშირის დამფუძნებელთა სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მის წევრთა ხელმოწერით;

    დ) კავშირის წესდება;

    ე) კავშირის სიმბოლოს ესკიზი (მისი არსებობის შემთხვევაში);

    ვ) კავშირის იურიდიულ მისამართი;

    ზ) კავშირის წარმომადგენელი უფლებამოსილი პირის (პირთა) სანოტარო წესით დამოწმებულ ხელმოწერის ნიმუში;

    თ) კავშირის ეროვნულ-ისტორიული წარსულისა და მოღვაწეობის დამადასტურებელ საარქივო თუ სხვა სახის დოკუმენტები (მისი არსებობის შემთხვევაში).

წესდების რეკვიზიტები

რეგისტრაციისათვის წარდგენილი წესდება უნდა შეიცავდეს:

    ა) შემოქმედებითი კავშირის სრულ სახელწოდებას, შემოკლებულ სახელწოდებას (მისი არსებობის შემთხვევაში);

    ბ) შემოქმედებითი კავშირის საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებს;

    გ) შემოქმედებით კავშირში გაწევრიანებისა და წევრობიდან გასვლის წესს;

    დ) შემოქმედებითი კავშირის წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს;

    ე) შემოქმედებითი კავშირის მართვის ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის საფუძვლებს, მათ უფლებამოსილებებს;

    ვ) შემოქმედებითი კავშირის მიერ გაწეულ საქმიანობაზე კონტროლის წესს;

    ზ) შემოქმედებითი კავშირის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის წესს;

    თ) წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესს.

    შემოქმედებითი კავშირის წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა საკითხებიც, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

 

შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაციისათვის „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილია  შემდეგი მოსაკრებლები:

საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციისათვის - 60 ლარი;

საქართველოს შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციისათვის - 50 ლარი;

ადგილობრივი შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციისათვის - 40 ლარი;

 

შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაციის ვადა

შემოქმედებითი კავშირის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე ან მასზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს ეცნობება წერილობით გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში, უარის თქმის დასაბუთებული მითითებით. გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში 1 თვის ვადაში.

 


 

სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა:

 

კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.      ლიცენზიანტს უფლება აქვს სააღსრულებო საქმიანობა განახორციელოს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური პირი უნდა იყოს/ჰქონდეს:

  • ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე;
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ჩაბარებული აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო).
  • კერძო აღმასრულებელისათვის სავალდებულოა სადეპოზიტო ანგარიში ბანკში.
  • ორ ან ორზე მეტ კერძო აღმასრულებელს შეიძლება ჰქონდეს საერთო სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო). კერძო აღმასრულებელთა უფლება-მოვალეობანი საერთო სამუშაო ადგილის მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში თითოეული კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის.
  • სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და წარუდგინოს მას სამუშაო ადგილის მისამართი და ცნობა იმ უძრავი ქონების საკუთრების თაობაზე (მესაკუთრის ვინაობა), სადაც უნდა განთავსდეს კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილი და ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებაზე.
  • კერძო აღმასრულებლის ოფისი (ბიურო) უნდა იყოს არანაკლებ 20 მ2 კაპიტალური ფართობის, სათანადოდ დაცული (ხმოვანი სიგნალიზაციით ან სპეციალური დაცვით) და საკომუნიკაციო_საოფისე ტექნიკით (ტელეფონი, ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერი, პრინტერი, დოკუმენტაციის განთავსებისა და სათანადო შენახვისათვის აუცილებელი სხვა ინვენტარი) აღჭურვილი.
  • აკრძალულია ოფისის (ბიუროს) განთავსება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სანოტარო ბიუროს, საგანმანათლებლო ან გასართობი დაწესებულების შენობაში.
  • ოფისის შესასვლელში უნდა იყოს განთავსებული შესაბამისი აბრა, სააღსრულებო საქმიანობისა და კერძო აღმასრულებლის (საერთო ოფისის შემთხვევაში, თითოეული მათგანის) სახელისა და გვარის აღნიშვნით. აბრა შეიძლება შეიცავდეს დამატებით აღნიშვნებსაც. კერძო აღმსრულებლის ოფისში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია.

 

სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები:

 

1. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია არ გაიცემა იმ ფიზიკურ პირზე რომელიც:

  • ნასამართლევია განზრახ დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე;
  • განთავისუფლებულია საჯარო სამსახურიდან ან ნოტარიუსის თანამდებობიდან ან შეუწყდა ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის, კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის გამო;
  • მოქმედი ნოტარიუსი ან ადვოკატია;

ასევე:

  • მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;
  • მისი საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიერ გაუქმებული აქვს სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია;
  • თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სააღსრულებო საქმიანობის უფლება

2. კერძო აღმასრულებელი არ შეიძლება იყოს არბიტრაჟის წევრი.

 

ლიცენზიის გასაცემად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

 

  1. ლიცენზიის მაძიებლის წერილობითი განცხადება;
  2. ლიცენზიის მაძიებელი ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა, პასპორტი);
  3. სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. სამუშაო ადგილის მისამართი და ცნობა იმ უძრავი ქონების საკუთრების თაობაზე, სადაც უნდა განთავსდეს კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილი, ან ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებაზე;
  5. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდის ან მოსამართლის (საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით) საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  7. ლიცენზიის მაძიებლის ქმედუნარიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ნარკოლოგიური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ).
  8. ცნობა ნასამართლობის არარსებობის შესახებ;
  9. ცნობა, რომ  იგი არ ირიცხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად, ან აღნიშნული ასოციაციის წევრობა შეუჩერდა პირადი განცხადების საფუძველზე.

 

სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ვადა:

თუ ლიცენზიის მაძიებელი დააკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ პირობებს, იუსტიციის სამინისტრო განცხადებით მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გასცემს სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიას.

 

        კერძო  აღმასრულებელთა რეესტრში კერძო აღმასრულებლის რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან 5 დღის ვადაში კერძო აღმასრულებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენს:

  1. სამსახურებრივ ბეჭედს (მასზე სავალდებულო წესით აღინიშნება კერძო აღმასრულებლის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილის მისამართი, კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ნომერი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებულ ხელმოწერის ნიმუშს;
  2. ბანკში გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშის დამადასტურებელ დოკუმენტს და ანგარიშის ნომერს;
  3. სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის ოდენობასა და პირობებს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

ზემოთ აღნიშნული ყველა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ახორციელებს კერძო აღმასრულებლის რეგისტრაციას კერძო აღმასრულებელთა რეესტრში, რის შემდეგაც კერძო აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს სააღსრულებო საქმიანობა. კერძო აღმასრულებელთა  რეესტრის ფორმასა და წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

 

 

იუსტიციის მინისტრი სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

თარიღი: 18 ივნისი 2013

ერევანში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გარიკ ჰარუთინიანს შეხვდნენ.

აღნიშნულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც (მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ) შეეხო. სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გარიკ ჰარუთინიანმა, რომელიც ვენეციის კომისიის წევრია და რამდენიმე დღის წინ ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვას ვენეციაშიც ესწრებოდა, თეა წულუკიანს ხსენებული კომისიის შემქნასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გააცნო.

მინისტრმა და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ორი ქვეყნის კონსტიტუციებში არსებულ სამართლებრივ ხარვეზებზეც ისაუბრეს. საუბრის მთავარ საკითხს ისეთი კონსტიტუციის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც მომავალში თითოეული მოქალაქის კუთვნილება უნდა გახდება. დაიგეგმა შემდგომი საქმიანი შეხვედრები.

მოგვიანებით, მინისტრი და მისი მოადგილე სომხეთის ადვოკატთა ასოციაციას ეწვივნენ. ადვოკატთა ასოციაციის  ხელმძღვანლის განცხადებით, თეა წულუკიანი პირველი ოფიციალური პირია საქართველოდან, ვინც სომხეთის ადვოკატთა ასოციაციას ესტუმრა. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი სურვილია, რომ ადვოკატები იმაზე უფრო დიდი უფლებამოსილების მქონე პირები იყვნენ, ვიდრე  დღეს არიან.

"ჩემი როგორც იუსტიციის მინისტრის როლს ვხედავ იმაში, რომ ხელი შევუწყო ადვოკატებს, რათა მათ ბრალდების მხარის მსგავსად, ყველა პირობა ჰქონდეთ საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისთვის" - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის შეფასებით,  თეა წულუკიანის ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ვიზიტის სულისკვეთების გაგრძელებაა, რომლის  მიზანსაც მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და თანამშრომლობის ახალ ფაზაში აყვანა წარმოადგენს.  

"პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც ყველაფერთან ერთად ფართომასშტაბიან ეკონომიურ თანამშრომლობასაც გულისხმობს. ასეთი თანამშრომლობისთვის აუცილებელია, სამართლებრივ სფეროში აქტიური თანამშრომლობა და უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. ამ მხრივ იუსტიციის მინისტრის ვიზიტი და მისი შეხვედრები სომხეთის პოლიტიკურ წრეებთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო"- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბურჭულაძე ტუნისში კონფერენციას ესწრება

თარიღი: 18 ივნისი 2013

აზრის გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები ინტერნეტ სივრცეში - ეს ტუნისში გამართული კონფერენციის მთავარი თემებია, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბურჭულაძე ესწრება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული კონფერენცია ერთგვარ ფორუმს წარმოადგენს, სადაც 2011 წლის ტუნისის ცნობილი მოვლენების შემდეგ ყოველ წელს მსჯელობენ.

აღნიშნულ ფორუმზე, ორგანიზატორი ქვეყანის წარმომადგენლებს, მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებს.

როგორც ცნობილია კონფერენციის კიდევ ერთაქტუალურ თემას - ინტერნეტ-მთავრობის მნიშვნელობა და მისი ეფექტური მუშაობის საკითხები წარმოადგენს. ალექსანდრე ბურჭულაძე ზემოხსენებულ ფორუმზე კონფერენციის ორგანიზატორებს საქართველოს გამოცდილებასაც გააცნობს.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი სომხეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა

თარიღი: 18 ივნისი 2013

„საქართველო უკანასკნელი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებლებს სისხლის სამართლის დამნაშავეებად განიხილავს. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ამ მიდგომის შესაცვლელად", - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სომხეთის გენერალურ პროკურორ ავჰან ჰოვსეპიანთან შეხვედრისას გააკეთა.

ერევანში ვიზიტით მყოფი თეა წულუკიანი დაინტერესდა, გაიზარდა თუ არა ნარკომომხმარებელთა რიცხვი მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნარკომომხმარებლის (რომელიც, ამავე დროს, არ არის რეალიზატორი) ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიიდან ამორიცხა.

გენერალური პროკურორის - ავჰან ოვსეპიანის, თქმით, სომხეთში კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ნარკომომხმარებელთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებით სიტუაცია არ გაუუარესებია.

„პირიქით, ისინი ამოვიდნენ სარდაფებიდან და დროთა განმავლობაში ინტერესიც დაიკარგა ნარკოტიკების მოხმარების მიმართ. ამჯერად, ოფიციალური სტატისტიკით, სომხეთში ნარკომომხმარებელთა რიცხვი საკმაოდ დაბალია", - აღნიშნა ჰოვსეპიანმა.

მან გაიხსენა ის „რევოლუციური" ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც, გამომძიებლებს დაავალა - ნარკომომხმარებელთა დაკავების ნაცვლად, ნარკოქსელის აღმოჩენასა და რეალიზატორების გამოვლენაზე ემუშავათ.  

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვა საკითხებსაც, კერძოდ, საქართველოსა და სომხეთს შორის სამართლის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იმ რეფორმის შესახებ ისაუბრა, რომელიც პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებებს ერთმანეთისგან მიჯნავს.

„საქართველო ეძებს სწორ ადგილს პროკურატურისთვის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეხვედრაზე მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს სომხეთის გენერალური პროკურატურის განვითარების ეტაპები სომხეთის დამოუკიდებლობიდან დღემდე, თუ როგორ შეიცვალა კანონმდებლობა და როგორ დაიხვეწა პროკურატურის სტრუქტურა.  

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მსგავს საკითხებში ყველა ქვეყანას თავისი გამოცდილება აქვს. „ჩვენი მთავრობის სურვილია, დასრულდეს რომელიმე ერთი ქვეყნის გამოცდილების ბრმად კოპირება. ჩვენ გვსურს, ვიპოვოთ ის მოდელი, რომელიც დემოკრატიული და ჩვენთვის ყველაზე ორგანული იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

სამართლებლივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტი
 
სწრაფი ბმულები