თარიღი: 13.04.2022

ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოში პირველად შეიქმნა და მთავრობის მიერ დამტკიცდა სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი სტრატეგია.


რეფორმის შედეგად, სახელმწიფო სერვისების მიწოდება მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისის შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განფასების ახალი სტანდარტების დანერგვა.


სერვისების გამარტივებულად მიწოდების სტანდარტის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყებაა იუსტიციის სამინისტროს სსიპ -სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. რეფორმის მოცემული კომპონენტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
სერვისების განვითარების სტრატეგია სააგენტოსა და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა. მომზადდა სტრატეგიით გათვალისწინებული ხუთი სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული და, დღეისათვის, უკვე გადამზადდა სახელმწიფო სერვისების გამცემი უწყებების 500-მდე წარმომადგენელი.


ამასთან, შეიქმნა სახელმწიფო სერვისების ხარისხის ინდექსის კონცეფცია (ასევე, ინდიკატორები და შეფასების მატრიცა) და ინდექსის გამოანგარიშების მეთოდოლოგია. იგეგმება სერვისის ინდექსის პორტალის შექმნაც.
მთავრობის მიერ სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, ერთიანი მიდგომების პრაქტიკაში დანერგვით, საქართველოში სახელმწიფო მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება.