რატი ბრეგაძე რიგაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლატვიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელსაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები ესწრებიან.
მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, აგრეთვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების – ხორვატიის, კვიპროსისა და ფინეთის – იუსტიციის მინისტრებთან.
რატი ბრეგაძემ კოლეგებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივები განიხილა. კერძოდ, ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესში საქართველოს გამოცდილებას ევროპელი ექსპერტები გაუზიარებენ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პარტნიორებს პენიტენციურ სისტემასა და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით განხორციელებული რეფორმებიც გააცნო.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, ნოემბერში საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის თემა პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში ინოვაციური მიდგომები იქნება.
საქართველოს დელეგაციაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და ლატვიაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი არიან.