თარიღი: 24.04.2023

რატი ბრეგაძემ საფრანგეთის ელჩ შერაზ გასრის იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და უწყების ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარო შეეხო ისეთ პროექტებს, როგორიცაა: ელექტრონული პლატფორმის შექმნა ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებისათვის; ნოვაციები სერვისების მიწოდების სფეროში - მობილური იუსტიციის სახლი, სერვისების ციფრული საშუალებებით მიწოდება; აგრეთვე ონლაინ უნივერსიტეტის ამოქმედება, სპორტის მართვის სისტემის დანერგვა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით მიმდინარე პროექტები პენიტენციურ სისტემაში.

იუსტიციის მინისტრმა ელჩთან შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული ინიციატივებიც გამოთქვა. მათ შორისაა: ქართულ-ფრანგული სამართლებრივი ფორუმის გამართვა, ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომელთა გადამზადების, გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი ტრენინგების ორგანიზება.

იუსტიციის მინისტრისა და საფრანგეთის ელჩის შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.