
კონფერენცია „აღმასრულებლის როლის ტრანსფორმაცია თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემაში“ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ორგანიზებით იმართება.
ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა. მან სასამართლო გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სისტემის ციფრული ტრანსფორმაციის როლს ამ პროცესში. პაატა სალიამ კონფერენციის დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში აღსრულების სფეროში დანერგილი ავტომატიზებული სისტემების, მათ შორის, „ელექტრონული ასისტენტის“ შესახებ და აღნიშნა, რომ უწყება უკვე მუშაობს მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც სააღსრულებო სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, აგრეთვე, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) პრეზიდენტმა მარკ შმიცმა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლაშა მოძღვრიშვილმა.
ღონისძიების მიზანია აღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა და თანამედროვე გამოწვევების ანალიზი ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, პროფესიული წრის წარმომადგენელთა შორის დისკუსიის გახსნა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. მასში 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის, აღმასრულებლები, საჯარო და კერძო სააღსრულებო პალატის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები.
კონფერენციის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი შეხვედრას გამართავს აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტთან.
საქართველო, როგორც აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) წევრი ქვეყანა, საერთაშორისო კონფერენციას მეორედ მასპინძლობს. 2022 წელს ღონისძიება ბათუმში გაიმართა.