იუსტიციის სამინისტრო, როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი უწყება, პროექტ - საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრ სტუდენტებს შეხვდა და მათთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა, მიღწეული შედეგები და ტრეფიკინგის დანაშაულთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილა. შეხვედრას 50-მდე სტუდენტი ესწრებოდა.
პრევენციული, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გატარება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია და მის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე აუდიტორიას სტუდენტები წარმოადგენენ.
ტრეფიკინგთან ბრძოლა იყო და რჩება საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და ქმნის ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო უკვე მე-9 წელია უმაღლეს საფეხურზეა, რაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და მისი წევრი უწყებების ეფექტიანი მუშაობის შედეგია.
ყოველი წლის 30 ივლისს, საქართველო, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.