პროექტში ,,იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში" ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 120-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი გახდა. გამოვლინდა საუკეთესო მომხსენებელი და საუკეთესო წერილობითი პოზიციის ავტორი.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური ეტაპი საირმეში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი დაესწრნენ.
ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის (ELSA) ორგანიზებით ჩატარდა. პროექტი 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად წარიმართა. იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა ადამიანის უფლებათა შესახებ სალექციო კურსები მოისმინეს, დეტალურად გაეცნენ ევროპული სასამართლოს პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს.
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში სულ 14 პროექტი დაფინანსდა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას, ინოვაციური სერვისების დანერგვას, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.