თარიღი: 17.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი ფიზიკური პირების პრეტენზია შეეხებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს დღემდე ახორციელებს.

სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება მასზე ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს რუსეთის მხრიდან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება აფხაზეთში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად.