2024 წლის 24 ივნისს კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩონში გაიხსნა გაერო-სა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს მიერ ორგანიზებული სახელმწიფო სერვისების ყოველწლიური მსოფლიო ფორუმი, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით.
გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს წელს 50 ქვეყნის 1200-მდე წარმომადგენელი ესწრება. ფორუმი გახსნეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნხუამ, გაერო-ს მერვე გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრმა ლი სანგ-მინმა. ფორუმში მონაწილეობენ გაერო-ს წევრი ქვეყნების მთავრობების მაღალი დონის წარმომადგენლები, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გაერო-ს ყოველწლიური ფორუმი საუკეთესო საშუალებაა ქვეყნებისთვის, რათა განიხილონ სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში არსებული სიახლეები, გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები. საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ თემატურ სესიებში, ხოლო ფორუმის მიწურულს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი სიტყვით გამოვა მინისტრთა მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე.
ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან, ასევე, მონაწილეობენ საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კორეის რესპუბლიკაში თარაშ პაპასქუა, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარე დავით დევიძე, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე ქეთევან ბეთლემიძე, სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მარიამ ბრეგაძე.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელს სახელმწიფო სერვისების მსოფლიო ფორუმს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უმასპინძლებს, რაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში ჩვენი ქვეყნის მიღწევების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა. ეს ინიციატივა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გასულ წელს გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.