თარიღი: 25.11.2026

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს შეხვდა. შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან სარაჯიშვილიც ესწრებოდა.

მხარეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს შორის თანამშრომლობა, ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო ერთობლივ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების საკითხს. ასევე იმსჯელეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ICRC-ს მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის ფილიალში გაიმართება.

შეხვედრის დასასრულს ბექა ძამაშვილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა.