
თამარ ზოდელავამ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „ციფრული საჯარო ინფრასტრუქტურა, ციფრული იდენტობა და მონაცემთა უსაფრთხოება საჯარო სერვისების მიწოდების პროცესში“.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საჯარო ინსტიტუტების გაძლიერებისა და მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესების მიმართულებით ინოვაციებისა და ეფექტიანი მმართველობის მნიშვნელობას.
თამარ ზოდელავას თქმით, ციფრული ტრანსფორმაცია აღარ გულისხმობს მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას – ის გულისხმობს მმართველობის გაძლიერებას, საზოგადოების ნდობის ამაღლებას, სერვისების გაუმჯობესებას და მოქალაქის საჯარო ადმინისტრირების ცენტრში მოქცევას.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ გახსნა სამუშაო შეხვედრა „ინკლუზიური საჯარო ადმინისტრირების ხელშეწყობა ციფრული ინკლუზიისა და მონაწილეობითი მმართველობის გზით“.
გიორგი დგებუაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, გაერო-ს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის თანახმად, პროგრესს მხოლოდ მაშინ აქვს რეალური მნიშვნელობა, როდესაც მისი სარგებელი ყველასთვის ხელმისაწვდომია; ციფრული ინოვაციების განვითარება კი, უზრუნველყოფს, რომ საზოგადოების ყველა წევრს ჰქონდეს თანაბარი წვდომა საჯარო სერვისებზე და არ დარჩნენ ციფრული ეპოქის მიღმა.
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს თბილისი პირველად მასპინძლობს და მისი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“.