ცხელი ხაზი2 405 505

სიახლეები

გაზიარება
ბეჭდვა

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

2026 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტის შემდგომი ანგარიში.

CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან. CPT აღნიშნავს, რომ დელეგაციამ დაუბრკოლებლად მოინახულა პენიტენციური დაწესებულებები, წვდომა ჰქონდა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან და ინდივიდუალურად შეხვდა მსჯავრდებულებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას.

ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს.

კომიტეტმა დადებითად შეაფასა დაბა ლაითურში გახსნილ ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პირობები. სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება სრულად არის მორგებული როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებზე. CPT-ს, ასევე, მიეწოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება მცირე ზომის ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილი იქნება 150 პატიმარზე.

დადებითად შეფასდა პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება, ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოფილია პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა.

რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, CPT-ის მხრიდან ყურადღება გამახვილდა საკნის გარე აქტივობებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე, პატიმრებს შორის ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერებაზე, პენიტენციური სისტემის თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ანგარიშში დასმულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპულ კომიტეტს წარედგინა და საჯაროდ ხელმისაწვდომია CPT-ის ანგარიშთან ერთად.

საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობასა და პატიმართა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი CPT-ს დასკვნასთან ერთად არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი არცერთი საქმე არ გამოცხადებულა დასაშვებად.

CPT-ის დელეგაცია საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს იმყოფებოდა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა“ 5 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა“ 5 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროცესში ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა 2020 წლიდან დღემდე განხორციელებული პროექტები გააცნო.

ღონისძიებაზე ცენტრის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. ცენტრის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების ხელშეწყობა, მათთვის პროფესიული კურსებისა და დასაქმების პროგრამების შეთავაზება და განხორციელება.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, პირველ მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან და მოადგილესთან, თამარ ზოდელავასთან ერთად, კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრ ჩეა ვანდეტს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, პირველ მოადგილესთან, ბექა ძამაშვილთან და მოადგილესთან, თამარ ზოდელავასთან ერთად, კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრ ჩეა ვანდეტს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსთვის ციფრული ტრანსფორმაცია სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული მმართველობის სააგენტოს საქმიანობაზე, რომელიც სამინისტროს სისტემაში ახორციელებს ციფრული მმართველობის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ასევე, უზრუნველყოფს IT სისტემების განვითარებასა და მხარდაჭერას.

საუბარი შეეხო უძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემაში დანერგილ ტექნოლოგიურ ინოვაციებს, მათ შორის, გონიერი კონტრაქტის გამოყენების პრაქტიკასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ინტეგრაციას, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დისტანციურად უსაფრთხოდ განახორციელონ ქონებრივი ტრანზაქციები.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს სახელმწიფო სერვისებში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.

შეხვედრის დასასრულს პაატა სალიამ კამბოჯის ტელეკომუნიკაციების მინისტრი თბილისში დაგეგმილ გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 23-25 ივნისს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტზე მონაწილეობის შედეგები შეაჯამა

პაატა სალიამ აღნიშნა, რომ სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად. გარდა ამისა, სამიტის სესიებში მონაწილეობა, სადაც სახელმწიფოები სხვადასხვა სფეროში საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო შუა დერეფნის ქვეყნებისთვის.


„მსოფლიოს მთავრობათა სამიტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ხდება ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საუბარი საერთაშორისო გამოწვევებსა და იმ საერთო ინტერესებზე, რომლებიც შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყანას ჰქონდეს. გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ხდება ურთიერთობის გაღრმავება არსებულ პარტნიორებთან და ახალი პარტნიორების შეძენა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ არაერთ სესიაში, რომლებიც ეძღვნებოდა გლობალურ სამხრეთს, ეძღვნებოდა შუა კორიდორის ქვეყნების ინტერესებს; ასევე, საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სესიაში, სადაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო მმართველობაში. ჩვენ დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, მოვისმინეთ საინტერესო იდეები ისეთი მოწინავე ქვეყნებისგან, როგორიცაა სამხრეთ კორეის რესპუბლიკა“, – განაცხადა პაატა სალიამ.


მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე ხელოვნური ინტელექტის საჯარო მმართველობაში გამოყენების შესახებ ისაუბრა

მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საჯარო მმართველობასა და საკანონმდებლო რეფორმებში ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თანამედროვე სამყაროში სამართალი, პოლიტიკა და ტექნოლოგიური ინოვაციები უნდა ფუნქციონირებდეს როგორც ერთიანი სისტემა და არა ერთმანეთისგან განცალკევებული სფეროები.

მინისტრმა ხაზი გაუსვა კანონშემოქმედებითი პროცესების გამჭვირვალობას და ციფრული ინსტრუმენტების როლს ამ პროცესში.

პაატა სალიამ, ასევე, ისაუბრა საჯარო მმართველობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და მის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ, ასევე, აქტიურად ვიყენებთ ტექნოლოგიურ სიახლეებს საერთაშორისო სასამართლო დავებსა და არბიტრაჟში... ეკონომიკური ეფექტიანობის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს საქართველოს საჯარო რეესტრის სერვისები, რომლებიც გონიერი კონტრაქტის საფუძველზეა შექმნილი და უზრუნველყოფს უძრავი ქონების ტრანზაქციების სრულ დისტანციურ განხორციელებას გადახდიდან საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე უსაფრთხო ციფრული იდენტიფიკაციის გამოყენებით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტორებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე ინვესტორებისთვის.

მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

გაზიარება
ბეჭდვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს

საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობისთვის ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე დუბაიში.

სამიტზე ქვეყნები საკუთარ მიღწევებსა და გამოწვევებს უზიარებენ ერთმანეთს. მინისტრმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაზე, ქვეყნის ციფრული მმართველობის სტრატეგიასა და განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ღონისძიების მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში ჩატარდება.

ხვალ პაატა სალია სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე ქვეყნების გამოცდილებებს მიეძღვნება.

მსოფლიო მთავრობათა სამიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-5 თებერვალს იმართება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.


გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან უწყებრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან უწყებრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა. შეხვედრაზე პაატა სალიამ და ირაკლი ყანდაშვილმა ორ უწყებას შორის არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცულობა, რისთვისაც მნიშვნელოვანია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ადვოკატთა ასოციაციასთან.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, იუსტიციისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და ამ პროცესში ადვოკატების, როგორც უფლებადამცველების, როლის გაძლიერებას.

პაატა სალიამ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გაზიარება
ბეჭდვა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ახალი მოადგილე, სააგენტოს კურატორი თამარ ზოდელავა წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ახალი მოადგილე, სააგენტოს კურატორი თამარ ზოდელავა წარადგინა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პაატა სალიამ, მოადგილეებთან ერთად, უწყების სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მინისტრმა სააგენტოს წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ მოადგილეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სამუშაო შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და უწყების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ თამარ ზოდელავამ სააგენტოს დეპარტამენტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ საქმიანობას დეტალურად გაეცნო.

გაზიარება
ბეჭდვა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების ვადა გაგრძელდა 2026 წლის 3 მარტის ჩათვლით.

კონკურსი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის №1139 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის შესაბამისად მიმდინარეობს.

საკონკურსო მოთხოვნები უცვლელია და განთავსებულია ბმულზე.