იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
,,დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში ,,სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და იყო ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა ღირსეულ თანამშრომელს, რომელიც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებებს და განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფის, მრავალი ცილისწამების მიუხედავად, განუხრელად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვალეობას და დგას ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე“,-განაცხადა რატი ბრეგაძემ.