გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრაზე იქნა განხილული. აღნიშნულის თაობაზე დასტური გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილით აცნობა.
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო ადმინისტრირების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის საჯარო ადმინისტრირების, როგორც მდგრადი განვითარების ეფექტური ხელშემწყობი მექნიზმის, გაძლიერებისთვის და მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან მუშაობას 2026 წლის ფორუმის მოსამზადებლად“, – აღნიშნულია წერილში.
რატი ბრეგაძე გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 2023 წლის დეკემბერში შეხვდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის სავიზიტო ბარათია; მასზე ხელმისაწვდომობას კი, უწყება გამუდმებით აუმჯობესებს, მათ შორის, ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 800-დან 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის, სამთავრობო ლიდერები, წამყვანი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში მონაწილეები საჯარო სერვისების მიმართულებით თანამედროვე გამოწვევებზე, ინოვაციურ პრაქტიკებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.