
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარე სანდრო ცირეკიძე ევროპის საბჭოს ციფრული მმართველობის კომიტეტის (CDNET) თავმჯდომარეს, მარიო ერნანდეს რამოსს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია „ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ“ იყო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში პირველი საერთაშორისო სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტია.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ კონვენციის რატიფიცირების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ხელოვნური ინტელექტის მმართველობის ეროვნული ჩარჩოს განვითარების პერსპექტივები და ევროპის საბჭოს მხარდაჭერის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს CDNET-ის საქმიანობაში და დაინტერესებულია თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებით, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული გამოყენების მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მომავალშიც აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს, რაც საქართველოს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და შესაბამისი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.