თარიღი: 27.04.2023

გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს, უწყებებმა იმსჯელეს ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის და მასთან დაკავშირებული სანქციების ეფექტიანი აღსრულების საკითხებზე. ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის გაძლიერება და ამ მხრივ უწყებათაშორისო კოორდინაცია რჩება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად. აღნიშნული პრიორიტეტი შემხებლობაშია სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და საერთაშორისო საფინანსო გადარიცხვებთან, ქვეყნის რეპუტაციასა და საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს როლთან.


კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები და წარდგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილებები უზრუნველყოფს ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული მეთოდებისა და მექანიზმების გაძლიერებას, ხელს უწყობს რეგიონულ და გლობალურ დონეზე ტერორიზმთან ბრძოლას და ამკაცრებს სახელმწიფო პოლიტიკას ტერორიზმის დაფინანსებაში პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართული პირების მიმართ.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კომისიის სხდომაზე განხილული საკითხები და წარმოდგენილი ახალი საკანონმდებლო რეგულაციები თანხვედრაშია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან და ემსახურება ევროპის საბჭოს თემატურ ექსპერტთა ჯგუფის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის საკითხებზე (MONEYVAL) რეკომენდაციების შესრულებასაც.


გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სხდომას უძღვებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი. ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიმართ დაწესებული სანქციების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით ახალი მიდგომები და რეგულაციები წარადგინა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სარაჯიშვილმა.


კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის; დაზვერვის სამსახურის; საგარეო საქმეთა სამინისტროს; შინაგან საქმეთა სამინისტროს; თავდაცვის სამინისტროს; ფინანსთა სამინისტროს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“, სსიპ „შემოსავლების სამსახურის“, სსიპ „ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა“ და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა.