თარიღი: 18.11.2026

იუსტიციის სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სასწავლო პროგრამების დანერგვა-განხორციელების მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ორი ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვას: მიწის სამართალი და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამართლებრივი მექანიზმები.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იმუშავებენ როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ისე იუსტიციის სამინისტროს მენტორებთან; მოეწყობა ერთობლივი სამუშაო სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები და დისკუსიები აქტუალურ იურიდიულ საკითხებზე. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება, აგრეთვე, სწავლების პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება – სტუდენტებისათვის სტაჟირებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობის შექმნა.

მემორანდუმის მიზანია თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტსა და იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრს შორის სასწავლო-სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მხარდაჭერა და კვალიფიციური პროფესიონალების აღზრდა.

სამომავლოდ მხარეები პროგრამების თემატიკის გაფართოებას გეგმავენ. არსებულ პროგრამებს დაემატება კურსები ციფრული მმართველობისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ასპექტების შესახებ.