თარიღი: 27.10.2023

რატი ბრეგაძემ და რობინ დანიგანმა ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში პარტნიორული ურთიერთობების უკვე არსებული და სამომავლო პლატფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის წარმატებულ თანამშრომლობას ტრანსსასაზღვრო დანაშაულებთან ბრძოლისა და ექსტრადიციის მიმართულებით. თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავების მიზნით უახლოეს მომავალში დაგეგმილია ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ასევე, იუსტიციის მინისტრმა ამერიკულ მხარეს შესთავაზა საქართველოსა და აშშ-ს შორის ყოველწლიური სამართლებრივი ფორუმის დაფუძნება.

რატი ბრეგაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხრიდან საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდაჭერისათვის.

მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს 1-3 ნოემბერს თბილისში გასამართი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის (ინოვაციები პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში) საკითხები, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით პირველად იმართება აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროსა (INL) და ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპულ ორგანიზაციასთან (Europris) თანამშრომლობით.

შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.