რატი ბრეგაძემ ლევან იოსელიანს ომბუდსმენის პოსტზე წარმატებები უსურვა და სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, რომელთა მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებაა.
საუბარი შეეხო, აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლოს განჩინებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ომბუდსმენის ოფისს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, კიდევ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს უწყება ქვეყნის სუვერენიტეტისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვისათვის.
ადამიანის უფლებების დაცვა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უწყება მზადაა მჭიდრო თანამშრომლობისათვის როგორც საქართველოს სახალხო დამცველთან, ისე ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციასთან.
რატი ბრეგაძისა და ლევან იოსელიანის შეხვედრას იუსტიციის მინისტრისა და სახალხო დამცველის მოადგილეები, აგრეთვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ესწრებოდნენ.