
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მაკსატ მამიტკანოვთან ორ ქვეყანას შორის სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ელჩს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო საჯარო სერვისების, ციფრული მმართველობის, პენიტენციური და პრობაციის სფეროების განვითარებას. ლანა მორგოშიამ ხაზი გაუსვა ამ პროცესში ციფრული ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ ჩარჩო კონვენციას ხელოვნური ინტელექტის შესახებ – სამართლებრივად სავალდებულო პირველ საერთაშორისო ხელშეკრულებას.
შეხვედრის ბოლოს ლანა მორგოშიამ ელჩი გაეროს-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმზე მიიწვია, რომელიც თბილისში 2026 წლის ივნისში გაიმართება.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელები.