თარიღი: 27.11.2026

ლაშა მაღრაძემ ფორუმის მუშაობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს მართლმსაჯულების სფეროში არაერთი საერთო გამოწვევა და თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ იმ სფეროებზეც ისაუბრა, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და სომხეთს შორის.

ლაშა მაღრაძის განცხადებით, ადამიანის უფლებები, პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ციფრული ტრანსფორმაცია, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტები და სააღსრულებო სისტემა სწორედ ის მიმართულებებია, სადაც პარტნიორულ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქართულ მხარეს შეუძლია, გააზიაროს საკუთარი გამოცდილება საჯარო სექტორში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, რაც ზრდის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობას, ამარტივებს ბიზნესის რეგისტრაციას და ხელს უწყობს ხელსაყრელი, პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს შექმნას.

ამასთან, იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის ეფექტიანობას და სასჯელის ალტერნატიული ღონისძიებების პრაქტიკულ გამოყენებას. წლევანდელ ფორუმზე პირველად განიხილეს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის საკითხიც. ლაშა მაღრაძემ აღნიშნა, რომ საინტერესო იქნება უფრო სიღრმისეული გამოცდილების გაზიარება მულტიდისციპლინური მიდგომების, ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებისა და რეაბილიტაციის პროგრამების კუთხით.

ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა ორი ქვეყნის აღსრულების სამსახურებს შორის თანამშრომლობის პროგრამას, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს მომდევნო ორი წლის განმავლობაში ერთობლივად განსახორციელებელ აქტივობებს. ასევე, გამოითქვა ინიციატივა, რომ საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდეს ერთობლივი სასწავლო მოდულები.
სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა პაატა სალიამ და სრბუჰი გალიანმა გახსნეს. თემატურ სესიებში, ასევე, მონაწილეობდენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, ორი ქვეყნის გენერალური პროკურატურებისა და ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები.