საგამოფენო სივრცეში სააღდგომო თემატიკის ნაკეთობებია წარმოდგენილი. გამოფენილი ნამუშევრების გაყიდვიდან შესული თანხა ხის სოციალური საწარმოს განვითარებას და მისთვის სამუშაო მასალების შეძენას მოხმარდება.
ხის სოციალურ საწარმოში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები შშმ პირებთან ერთად მუშაობენ და განმავითარებელ სათამაშოებს ქმნიან. პროექტის მიზანი შშმ პირებთან ყოფილ მსჯავრდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა ინტეგრირება, რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და მათი დასაქმების ხელშეწყობაა.
პროექტს „ერთად-ერთმანეთისთვის“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული ააიპ „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია“ ახორციელებს.
ეროვნულ არქივში სააღდგომო გამოფენა-გაყიდვის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი, ბუბა ლომუაშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.