თარიღი: 25.04.2023

სხდომას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა. შეხვედრაზე იმსჯელეს შრომითი მიგრაციის შესახებ და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე.

აღნიშნული საკითხები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი მექანიზმის – საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის – მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოადგენს.

საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებებთან ერთად მონაწილეობდნენ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირის დელეგაცია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) წარმომადგენლები.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისიას, რომელიც 9 სახელმწიფო უწყებას აერთიანებს, იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს.