თარიღი: 18.06.2026

პაატა სალიამ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო, პროფესიული და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.

ყურადღება გამახვილდა მცირე ზომის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობასა და განვითარებაზე, რაც ეფექტიან მართვასა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

მხარეებმა განიხილეს პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. აღინიშნა, რომ ბრალდებულები/მსჯავრდებულები 24/7 უზრუნველყოფილნი არიან ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აქვთ წვდომა სპეციალიზებული სამოქალაქო კლინიკების მომსახურებაზეც.

ხაზი გაესვა CPT-ის რეკომენდაციების მნიშვნელობას პენიტენციური სისტემის შემდგომი გაუმჯობესების პროცესში.

დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შეფასებასა და მიმდინარე რეფორმების გაცნობას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე და იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სხვა წარმომადგენლები.