უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შეიქმნა. მისი მიზანი საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირებაა. კომისიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.
პირველ სხდომაზე კომისიამ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ანგარიში მოისმინა საარჩევნო სიების სრულყოფისათვის გაწეული მუშაობის შესახებ. კომისიის წევრებმა ორგანიზაციული საკითხებიც განიხილეს.
საარჩევნო გარემოს მონიტორონგის პროცესში უწყებათაშორისი კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ, ისე პოლიტიკური გაერთიანებებისა და სადამკვირვებელო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, გამოვლენილ ინციდენტებზე რეაგირებისათვის კი, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას.
კომისიისათვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 0011.
კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უძღვებოდა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრები – იუსტიციის; შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები, აგრეთვემ გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები.
უწყებათაშორისი კომისია ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე იმუშავებს.