თარიღი: 19.01.2023

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) არსებით ნაწილში.

კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, სამართალდამცველთა მიერ ძალის/იარაღის გამოყენების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაცია ჩატარდა ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში და მისი მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა იყო მოსალოდნელი. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარწმუნოა გამოძიებით დადგენილი ვერსია, რომ დაკავებისას თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცდანიშნულების რაზმის წევრის მითითებას და შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას, რა დროსაც განხორციელდა მის მიმართ გასროლა. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც გააჩენდა გონივრულ ვარაუდს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა ისეთ გარემოებაში, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. შესაბამისად, არ დადგინდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი ნაწილის დარღვევა.

რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა პირველადი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტრტერორისტული ოპერაციის ნაწილში, შესაბამისად, იმავე ორგანომ მოიპოვა პირველადი მტკიცებულებები, ვინც ოპერაცია ჩაატარა.

ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივანთა არგუმენტაცია, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიება იყო შეზღუდული მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის გარემოებების დადგენით და აღნიშნა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აგრეთვე დაკითხულნი იქნენ სპეცოპერაციამდე მათთვის მიცემული ინსტრუქციების თაობაზე, რაც მოწმობს, რომ პროკურატურა იკვლევდა არა მხოლოდ სპეცოპერაციის ჩატარების, არამედ მისი დაგეგმვის ეტაპებს.

სასამართლო აგრეთვე გამოეხმაურა მომჩივანთა პრეტენზიას, სპეცოპერაციის შემდგომ ხელყუმბარის გადაადგილებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რადგან ოპერაციის დროს დაიჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, აუცილებელი გახდა მისთვის პირველადი დახმარების ადგილზე აღმოჩენა, რის გამოც ოთახში არსებული ნივთების, მათ შორის ხელყუმბარის, გადაადგილება გახდა აუცილებელი. სასამართლოს შეფასებით, მართალია, აღნიშნულის გამო შემდგომში გამოძიებას ხელი შეეშალა ცალკეული გარემოებების დადგენაში, თუმცა სერიოზულად დაჭრილი ადამიანისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საჭიროებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა გამოძიების ადგილის ხელუხლებლად შენახვის საჭიროებასთან.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პროკურატურის ორგანოებმა მიიღეს არაერთი ზომა, რომ სრულყოფილად შეეგროვებინათ მტკიცებულებები. დაიკითხა ინციდენტში მონაწილე და მასთან დაკავშირებული თითქმის ყველა პირი, მათ შორის, მომჩივნები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერაციაში მონაწილე ოფიცრები, მათი ზედამხედველი პირები, ასევე, სამედიცინო პერსონალი, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა და მოპოვებული იქნა სხვა სახის მტკიცებულება, თუმცა სპეცრაზმელები ხუთი კვირის შემდეგ გამოიკითხნენ, რადგან მათი ვინაობა არ იყო საჯარო და მიმდინარეობდა შესაბამისი პროცედურები.

ევროპულმა სასამართლომ დადებითად შეაფასა წინამდებარე საქმეში მომჩივანთა მონაწილეობა გამოძიების პროცესში. კერძოდ, მომჩივნებს ჰქონდათ საშუალება, გაცნობოდნენ გამოძიების მასალას, ამასთან, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით მომჩივანთა მოთხოვნები საგამოძიებო ორგანომ დააკმაყოფილა. სწორედ მათი მოთხოვნით დაიკითხნენ დამატებით სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე და ოფიცრები. თუმცა, სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ გამოძიების დასასრულ ეტაპამდე მათ ვერ შეძლეს საქმის საიდუმლო ნაწილის გაცნობა.

გამოძიების საწყის ეტაპზე აღნიშნული ცალკეული ხარვეზების გამო, ევროპული სასამართლოს შეფასებით, დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილი.

რაც შეეხება მომჩივანთა პრეტენზიების სპეცოპერაციის მსვლელობისას მათ მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არის აშკარად დაუსაბუთებელი.

სტრასბურგის სასამართლომ, მთავრობის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, პირველ რიგში აღნიშნა, რომ კონტრტერორისტული ოპერაცია ემსახურებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავებისა და მისი სახლის ჩხრეკის ლეგიტიმურ მიზანს. შესაბამისად, სასამართლომ ეჭვქვეშ არ დააყენა კონტრტერორისტული ოპერაციის გონივრულობა და აუცილებლობა. რაც შეეხება ოპერაციის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, გამომდინარე კონტრტერორისტული ოპერაციის ხასიათისა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ოპერაციით გამოწვეული სტრესი თანმდევი ემოციაა, ხოლო საქმის ფარგლებში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა ქმედებების საფუძველზე მომჩივნებმა განიცადეს იმაზე მეტი უარყოფითი ემოციური ზემოქმედება, რაც ასოცირდება ამ ტიპის სპეცოპერაციის პროცესთან. ამ საკითხზე მსჯელობისას სასამართლომ აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მომჩივნებს, პირველ ეტაპზე, არ განუცხადებიათ არანაირი პრეტენზია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ქმედებებთან დაკავშირებით.

სასამართლომ მომჩივნებს ერთობლივად მიაკუთვნა 10 000 ევრო მორალური ზიანისთვის და 15 000 ევრო ხარჯების ანაზღაურებისთვის.