პროექტში „იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული სასამართლო პროცესის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა. ასევე, გამოვლინდა საუკეთესო მომხსენებელი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტს წარმოადგენდა.
საგანმანათლებლო პროექტისთვის გრანტი იუსტიციის სამინისტრომ გასცა და ის მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას. მონაწილე სტუდენტებს პროექტი საშუალებას აძლევს, განივითარონ იურიდიული კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, აიმაღლონ კვალიფიკაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სისტემის მიმართულებით და შექმნან საკონტაქტო ქსელი.
იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური ეტაპი საირმეში გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი მანანა ბეგიაშვილი და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ნინო ნიკოლაიშვილი დაესწრნენ.
ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესი „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ (ELSA Georgia) ორგანიზებით განხორციელდა. პროექტი 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად წარიმართა. იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა ადამიანის უფლებათა შესახებ სალექციო კურსები მოისმინეს, დეტალურად გაეცნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრინციპებსა და პრაქტიკულ ასპექტებს.
წლევანდელი იმიტირებული სასამართლო პროცესის თემა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ბავშვთა უფლებები იყო.
იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა. სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ.