თარიღი: 12.06.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრმა აიაზ ბაეტოვმა.

მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა; საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათ შორის, ციფრული და მობილური მომსახურების დანერგვით; დანაშაულის პრევენცია, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია; სანოტარო მედიაცია და სხვა.
დოკუმენტის ხელმოწერამდე საქართველოსა და ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა.

„გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, სადაც ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროსთან. შეხვედრა მქონდა ჩემს ყირგიზ კოლეგასთან; შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების სფეროში, სასჯელაღსრულების და პრობაციის მიმართულებით. მათ აქვთ ძალიან კარგი პროგრესი ე.წ. დებიუროკრატიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ვფიქრობთ, პროდუქტიული თანამშრომლობა გვექნება ყირგიზ კოლეგებთან“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ვიზიტის ფარგლებში მემორანდუმები გაფორმდა ყირგიზეთისა და საქართველოს კიდევ რამდენიმე სამინისტროს შორის; გაიმართა საქართველო-ყირგიზეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეორე სხდომაც.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ყირგიზეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.