თარიღი: 02.08.2022


ჟურნალის მე-2 ნომერში მკითხველს შეუძლია, გაეცნოს ქართველი და უცხოელი მკვლევრების ნაშრომებს თანამედროვე სამართლის მეცნიერების ისეთ აქტუალურ გამოწვევებზე, როგორიცაა: ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, ტერორიზმის ცნების განსაზღვრა; კიბერშეტევის სამართლებრივი განსაზღვრება; ნაფიც მსაჯულთა და მედიაციის ინსტიტუტები ქართულ სამართლებრივ სივრცეში; დავების ალტერნატიული გადაწყვეტა კონკურენციის სამართალში.

სამართლის ისტორიით დაინტერესებული პირებისათვის გრძელდება ცნობილი მეცნიერის, ვილჰელმ ზაუერის, ნაშრომის („სამართლიანობა“) პუბლიკაცია, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება. აქვეა შესაძლებელი 1791 წლის პოლონეთის კონსტიტუციის გაცნობაც.

გამოცემის მე-2 ნომერში მკითხველი შეხვდება, აგრეთვე, სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანისა და საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ინტერვიუებს; ცნობილი ქართველი მეცნიერის, სამართალმცოდნე ოთარ გამყრელიძის ბიოგრაფიას.

იუსტიციის სამინისტროს ქართულ-ინგლისური ჟურნალი „იუსტიცია“ (ლათ. „IUSTITIA“) გასული წლის ივნისში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაარსდა. ის ყოველკვარტალური, რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. მისი მიზანია სამართლის ცალკეული დარგის განვითარებისა და იურიდიულ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობა.