იუსტიციის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მინდია უგრეხელიძის „რჩეული ნაწერების“ პირველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ქართველი სამართალმცოდნე მინდია უგრეხელიძე სისხლის სამართლის ქართული მეცნიერული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია. სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი და 70-მდე ნაშრომის ავტორი.
იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მეცნიერებასა და კვლევაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებაა. სისხლის სამართლის ქართული მეცნიერული სკოლის წარმომადგენელთა სამეცნიერო შემოქმედების გამოქვეყნება ხელს შეუწყობს იურისტთა მომავალ თაობებს, გაეცნონ პროფესიულ ლიტერატურას.
მინდია უგრეხელიძის წიგნში დაბეჭდილი ნაშრომების უმეტესობა საზღვარგარეთაა გამოცემული, ჩვენთან კი, ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. „რჩეულ ნაწერებში“ ასახული იდეები სცდება სისხლის სამართლის საკითხების წმინდა სამართლებრივი ანალიზის ფარგლებს; პრობლემები შესწავლილი და განხილულია სამართლის დოგმატიკის, პოლიტიკის, ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიისა და ეთიკის ფართო ჭრილში.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მოადგილეები, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები. ასევე, კულტურის, სამეცნიერო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
წიგნი გამოქვეყნდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.