ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო
2007 წელს, წამების, არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, ასევე, შესაბამისი რეფორმების მონიტორინგის სრულყოფისა და კოორდინაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნა ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს მანდატი და შემადგენლობა განახლდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის №341 დადგენილებით, რომელშიც ცვლილებები შევიდა 2017 წლის იანვარში მთავრობის №13 დადგენილებით.
უწყებათაშორის საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო სამდივნოს ფუნქციას ასრულებს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი.
უწყებათაშორისი საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
- წამების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მისი პერიოდული განახლება და იმპლემენტაციის მონიტორინგი;
- წამების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი;
- წამების წინააღმდეგ ბრძოლის, წამების მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
- ადამიანთა წამებასთან, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობასა და დასჯასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ასევე, მათთან ერთად ერთობლივი წინადადების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;
- "წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ" 1984 წლის კონვენციის 2002 წლის ფაკულტატური ოქმის თანახმად შექმნილი ეროვნული პრევენციის მექანიზმის საქმიანობის ხელშეწყობა.
უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის ფარგლებში შემუშავდა 2008-2009, 2011-2013, 2015-2016, 2017-2018, 2019-2020, 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმები.
2021 წლის 16 თებერვალს, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელიც სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა.
წამებასთან ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა 4 მიზანს აერთიანებს:
- არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერება;
- არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა და ყველა საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა;
- არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია;
- არასათანადო მოპყრობის შესახებ სწავლების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.