დებულება
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №389
2013 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანდართული დებულება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდეგში ‑ სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0114, გორგასლის ქ., №24ა.
მუხლი 2
1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე.
6. სამინისტროს აქვს ემბლემა, რომელიც შეიძლება ასახულ იქნეს სამინისტროს ვებგვერდსა და სამინისტროს მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ პლატფორმაზე, სამინისტროს საქმიანობაში გამოსაყენებელ დოკუმენტებზე, სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებზე, საკანცელარიო და სხვა დანიშნულების ნივთებსა და სუვენირებზე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 02.05.2023წ.
თავი II
სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 3
1. სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) სახელმწიფო ვალის აღებასთან, კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, აგრეთვე, იმ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების (გარდა ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
გ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
დ) საქართველოს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებების, სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, აგრეთვე, საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის შესაძლო სამართლებრივი შედეგების შეფასება;
ე) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
ვ) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
ზ) ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
თ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია;
ი) გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანოებში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, ამ სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა; საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა, კანონით დადგენილი წესით;
ლ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხების გადაწყვეტა;
მ) კანონით დადგენილ ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ნ) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობისათვის გასატარებელი სამართლებრივი ღონისძიებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;
ო) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება;
პ) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;
ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად, ნოტარიატის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება;
რ) უფლებამოსილების ფარგლებში, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება;
ს) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოძიების ჩატარება;
ს 1) სასჯელის აღსრულების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა;
ტ) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ტ1) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს ფუნქციების განხორციელება;
უ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები.
2. სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს, რომლებსაც იგი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, განეკუთვნება:
ა) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია; ნორმატიული აქტების ოფიციალური გამოქვეყნება;
ბ) სამართლებრივი ინფორმატიზაციისა და იურიდიული განათლების საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
გ) სანოტარო საქმიანობა - სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში, პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება;
დ) კანონით განსაზღვრული სახელმწიფო და სხვა რეესტრების წარმოება;
ე) უძრავი ქონების ერთიანი საკადასტრო მონაცემების შექმნა და გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საქმიანობის წარმოება;
ვ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ზ) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე, შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების ხელშეწყობა კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში;
ი) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, კანონით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა და ამ სფეროებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება;
კ) უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება;
ლ) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელება;
მ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
ნ) კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია, კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წესით, ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ინფორმაციული უსაფრთხოების სახელწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
პ) მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება სამინისტროს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ჟ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ჟ 1) არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
რ) უფლებამოსილების ფარგლებში, დანაშაულის პრევენცია, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ს) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები.
3. სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს, რომლებსაც იგი ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სპეციალური პენიტენციური სამსახური) მეშვეობით, განეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანიზება, პენიტენციური დაწესებულებების ერთიანი მართვა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №633 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 ივნისის დადგენილება №178 - ვებგვერდი, 04.06.2024წ.
მუხლი 4
1. სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში, ქართული სამართლის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია;
დ) ევროკავშირის სამართლის, მათ შორის, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლა და ანალიზი; ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება - ევროკავშირის სამართლის წყაროებთან (რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები) ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება;
ე) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოსათვის უცხოეთის სახელმწიფოთა მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების კოორდინაცია და ორგანიზება;
ვ) სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა, სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ზ) საქართველოს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, აგრეთვე, საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნის მომზადება;
თ) სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების (გარდა ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ი) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
კ) სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა, აგრეთვე, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება) და შესაბამისი დასკვნის გაცემა;
ლ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით, განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;
მ) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
ნ) ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის კონფერენციის ფარგლებში, მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ო) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგანიზება;
პ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხების გადაწყვეტა;
ჟ) გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით, წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ჟ1) საერთაშორისო სასამართლოებში, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურის განსაზღვრა;
რ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ს) უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების, რომელთაც თავმჯდომარეობს იუსტიციის მინისტრი, სამდივნოს ფუნქციის შესრულება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ტ) ნოტარიუსებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობა;
უ) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ფ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვა, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ კანონმდებლობის შესრულებაზე;
ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხის დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;
ღ) სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ყ) უფლებამოსილების ფარგლებში, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება;
შ) უფლებამოსილების ფარგლებში, გამოძიების ჩატარება;
ჩ) უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ჩ 1) სასჯელის აღსრულების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა;
ჩ2) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირების: ნოტარიუსებისა და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – ანგარიშვალდებული პირები) მიერ ამავე კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა;
ც) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. სამინისტროს უფლებამოსილებებს, რომლებსაც იგი ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, განეკუთვნება:
ა) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანა; ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ბ) ნორმატიული აქტების ოფიციალური გამოქვეყნება; ნორმატიული აქტების ოფიციალური ტექსტებისა და იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური სახით გამოცემა;
გ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამების განვითარება; ერთიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა; კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება და სრულყოფა;
დ) საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; ფიზიკური და იურიდიული პირების მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით უზრუნველყოფა; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა;
ე) სანოტარო საქმიანობა - სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში, პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება;
ვ) საჯარო რეესტრის – უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების, აგრეთვე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა (პარტიებისა) და მუნიციპალიტეტების რეესტრის ფორმირება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ზ) უძრავი ქონების ერთიანი საკადასტრო მონაცემების შექმნა და გეოდეზიურ-კარტოგრაფიული საქმიანობის წარმოება;
თ) პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის, მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;
ი) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა; ბინადრობის ნებართვისა და ემიგრაციის ნებართვის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
კ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ლ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არქმონე პირთათვის და უცხოელთათვის კანონით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა, ამ სფეროებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება და კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა;
მ) ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების ხელშეწყობა, კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში;
ნ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა, უფლებამოსილების ფარგლებში, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;
ო) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;
პ) უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ლეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;
ჟ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონის შესაბამისად აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების განხორციელება;
რ) კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა; კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წესით, ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ს) ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა, შევსება, აღწერა და ცენტრალიზებული აღრიცხვა;
ტ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, კონსერვაცია და რესტავრაცია;
უ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კანონით დადგენილ ფარგლებში;
ფ) უფლებამოსილების ფარგლებში, დანაშაულის პრევენცია, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ამ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ქ) მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება სამინისტროს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ღ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ღ 1) არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულება;
ყ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სამინისტროს უფლებამოსილებებს, რომლებსაც იგი ახორციელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეშვეობით, განეკუთვნება:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება;
ბ) პენიტენციური დაწესებულებების ერთიანი მართვა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ) პენიტენციური დაწესებულებებისა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვა;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
ე) მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ მონაცემთა დამუშავება და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია;
თ) პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული ვითარების მართვა;
ი) პენიტენციურ დაწესებულებათა საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი, პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება; პენიტენციური დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შემოწმება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №633 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №434 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 მაისის დადგენილება №234 – ვებგვერდი, 04.05.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 ივნისის დადგენილება №178 - ვებგვერდი, 04.06.2024წ.
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 5
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდეგში - მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ბ1) (ამოღებულია - 15.02.2019, №82);
გ) პასუხისმგებელია სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფებისა (შემდგომში − ქვედანაყოფი), სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ1) განსაზღვრავს სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ე 1) საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპროკურორო საბჭოს წევრის კანდიდატურას;
ე2) სამინისტროს თანამშრომელთაგან წარადგენს წევრს იურიდიული დახმარების საბჭოში;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს მოხელეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, შესაბამის პირებთან დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებას ან ხელშეკრულების დადების უფლებამოსილებას ანიჭებს სამინისტროს სხვა თანამდებობის პირს;
ვ1) წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხებს;
ვ2) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გასცემს ფულად ჯილდოს ამავე პირებზე;
ვ3) უფლებამოსილია, სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და, ნომენკლატურის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, მათ მივლინებებსა და შვებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის, ასევე შესაბამის პირებთან შრომითი ან/და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების, თანამშრომელთან გასაფორმებელი სხვა ხელშეკრულებების/შეთანხმებების ხელმოწერის უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსზე;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, მათ შორის, საამისოდ აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, მოსამსახურეთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
თ) სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის ნორმატიული აქტით ადგენს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული სახსრების ფარგლებში;
ი) კანონით დადგენილი წესით ადგენს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისათვის;
კ) იღებს გადაწყვეტილებას ნოტარიუსების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების თაობაზე და კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას;
ლ) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას განსახილველად წარმოუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
მ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
ნ) (ამოღებულია - 15.02.2019, №82);
ო) (ამოღებულია - 27.08.2014, №518);
პ) „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით წყვეტს პირთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხებს;
პ1) ამტკიცებს საერთაშორისო სასამართლოებში, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესსა და პროცედურას;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანიჭებს მოხელეებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;
რ) დადგენილი წესით სამინისტროს მოსამსახურეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
რ1) ამტკიცებს სამინისტროს უწყებრივი (არაფულადი) ჯილდოს გაცემის წესს; აჯილდოებს უწყებრივი (არაფულადი) ჯილდოთი სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომლებსა და სხვა შესაბამის პირებს;
ს) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში გრანტების გაცემის წესს და საგრანტო პროგრამას;
ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს, ადგენს მათი საქმისწარმოების წესს;
უ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
უ1) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უფლებამოსილია, დააფუძნოს პერიოდული სამეცნიერო გამოცემა – სამართლებრივი ჟურნალი და დაამტკიცოს მისი დებულება;
ფ) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
ქ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
ღ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს;
ყ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
შ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჩ) კანონით დადგენილი წესით, უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;
ჩ1) უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს გენერალური ინსპექციის, შიდა აუდიტის დეპარტამენტისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე;
ჩ2) ამტკიცებს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს;
ჩ3) ამტკიცებს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესს;
ც) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს;
ძ) კანონით დადგენილი წესით, აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
წ) კანონით დადგენილი წესით, ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს, მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ჭ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ხ) ამტკიცებს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის წესს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში პრაქტიკის გავლის წესს;
ხ1) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენისას ანგარიშვალდებული პირის მიმართ ახორციელებს შესაბამის საზედამხედველო ღონისძიებებს;
ჯ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. (ამოღებულია - 15.02.2019, №82).
4. (ამოღებულია - 15.02.2019, №82).
4 1. ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრი:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზედამხედველობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობას;
ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით – მის მოადგილეებს;
გ) ამტკიცებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
დ) ქმნის და აუქმებს პენიტენციურ დაწესებულებას;
ე) თანხმობას აძლევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებაზე;
ვ) თანხმობას აძლევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს სამსახურის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე;
ზ) (ამოღებულია - 22.02.2024, №38);
თ) განსაზღვრავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების რაოდენობასა და ტერიტორიულ განსჯადობას, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს;
ი) განსაზღვრავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის წესს;
კ) განსაზღვრავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს;
ლ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მინისტრისათვის მიმართვის შემთხვევაში, განიხილავს საჩივარს, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის საქმიანობას უკავშირდება;
მ) პენიტენციური კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიულ აქტებსა (მათ შორის, ერთობლივ ნორმატიულ აქტებს) და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
42. მინისტრს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე თავისი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს მინისტრის პირველ მოადგილეზე/მოადგილეზე, აგრეთვე, ცალკეულ შემთხვევებში – სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელზე.
5. მინისტრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 29.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №47 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №633 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ივლისის დადგენილება №338 – ვებგვერდი, 09.07.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 მაისის დადგენილება №234 – ვებგვერდი, 04.05.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 02.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №360 – ვებგვერდი, 15.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №511 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 23.02.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 ივნისის დადგენილება №178 - ვებგვერდი, 04.06.2024წ.
მუხლი 6
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე შესაძლებელია, იმავდროულად, იყოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
5. მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ‑ მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №47 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №633 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
მუხლი 7
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
4. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და, ნომენკლატურის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მათ მივლინებებსა და შვებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ხელს აწერს შესაბამის პირებთან დასადებ შრომით ან/და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს, თანამშრომელთან გასაფორმებელ სხვა ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 29.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №47 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
მუხლი 8
1. სამინისტროს შემადგენლობაში არიან:
ა) პროფესიული საჯარო მოხელეები (მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორები, შიდა აუდიტორები (მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკოს-აუდიტორი));
ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
2. სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. (ამოღებულია - 15.02.2019, №82).
4. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება, როგორც წესი, უკონკურსოდ და მისი სამსახურის ვადა არ აღემატება, შესაბამისად, მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადას.
5. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სამინისტროში მიიღება, როგორც წესი, გამარტივებული საჯარო კონკურსით, სამინისტროს დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილებით.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის დადგენილება №339 – ვებგვერდი, 13.07.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №47 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №511 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 ივნისის დადგენილება №178 - ვებგვერდი, 04.06.2024წ.
თავი IV
სამინისტროს სისტემა
მუხლი 9
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა სპეციალური პენიტენციური სამსახური.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
მუხლი 10
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
ბ) საქართველოს საკანონმდებლო მაცნე;
გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;
დ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ე) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;
ვ) საქართველოს ეროვნული არქივი;
ზ) აღსრულების ეროვნული ბიურო;
თ) სსიპ − ციფრული მმართველობის სააგენტო;
ი) (ამოღებულია - 10.07.2020, №434);
კ) იუსტიციის სახლი;
ლ) (ამოღებულია - 23.12.2019, №633);
მ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო;
ნ) მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №633 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №434 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
მუხლი 11
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ბ) საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;
გ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტი;
დ1) ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი;
ე) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;
ვ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი;
ზ) ანალიტიკური დეპარტამენტი;
თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ი) ეკონომიკური დეპარტამენტი;
კ) გენერალური ინსპექცია;
კ 1) (ამოღებულია - 23.12.2019, №633);
ლ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 29.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №633 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №539 - ვებგვერდი, 30.11.2022 წ.
თავი V
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები
მუხლი 12
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
მუხლი 13
ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
ბ1) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა;
გ1) სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) მოწესრიგება; სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;
ე) (ამოღებულია - 10.07.2020, №434);
ვ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ზ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ი) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტისთვის, განსაზღვრულ მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;
კ) „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაცია;
ლ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
მ) სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემასთან (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემისა) დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა და, კომპეტენციის ფარგლებში, გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის დადგენილება №434 – ვებგვერდი, 10.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 02.05.2023წ.
მუხლი 14
საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებსა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებსა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების მიზნით;
გ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებისა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებისა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
ე) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა და მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია;
ვ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებისა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ზ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, აგრეთვე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებისა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 29.07.2016წ.
მუხლი 15
არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული და/ან საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინიციირებული დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დავის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარესთან ან მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვა;
გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მორიგების ხელშეკრულებების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, ან/და ასეთი ხელშეკრულებების გაფორმება;
დ) არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ანულირების/გასაჩივრების შესაძლებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
ე) არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია;
ვ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართ-ლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
მუხლი 16
საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო, კომერციულ და საოჯახო, მათ შორის, ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების, კომერციულ საქმეებზე საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების განხორციელება, საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ან/და საკუთარი ინიციატივის საფუძველზე;
ბ) სამინისტროს სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების განხორციელება, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში განაჩენთა აღსრულების, მსჯავრდებულ პირთა გადაცემისა (გადმოცემის) და ექსტრადიციის საქმეების მართვა, კოორდინაცია და პირთა გადაცემის (გადმოცემის) ორგანიზება საქართველოს ორმხრივი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით;
გ) სამინისტროს სისტემის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია და საერთაშორისო ანგარიშების მომზადება, გარდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოციირების შეთანხმებით გათვალისწინებული, აგრეთვე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული სხვა ვალდებულებებისა;
დ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ ორგანოებში საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესისა და პროცედურების განსაზღვრაში მონაწილეობა, აგრეთვე კანდიდატების შერჩევის პროცესის კოორდინაცია;
ე) სამინისტროს სისტემის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ვ) სამინისტროს სისტემის საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესრულება, შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
თ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების მართვა და კოორდინაცია, მათ შორის, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულებთან კომუნიკაციის მიზნით, საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
ი) სამინისტროს სისტემის დონორებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
კ) შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, თემატური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოების/კომისიების სამდივნოს ფუნქციების შესრულება;
ლ) ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა, ცენტრის საქმიანობის ორგანიზება და ტექნიკური დახმარება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის დადგენილება №369 – ვებგვერდი, 29.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 ნოემბრის დადგენილება №539 - ვებგვერდი, 30.11.2022 წ.
მუხლი 16 1
ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების (ასოცირების დღის წესრიგი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების/ჰარმონიზაციის სამინისტროს გეგმა) შესრულების მიზნით;
ბ) ევროკავშირის სამართლის, მათ შორის, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლა და ანალიზი;
გ) ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მეთოდიკისა და ზოგადი პრინციპების შემუშავება;
დ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;
ე) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე შექმნილ ორგანოში - ასოცირების საბჭოში სამინისტროს წარმომადგენლის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება;
ვ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი დაახლოებისათვის/ჰარმონიზაციისათვის აუცილებელი ზომების განხორციელება, კერძოდ კი, ევროკავშირის სამართლის წყაროებთან (რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები) ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, ნორმატიულ აქტებში ცვლილების ან ახალი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადების მიზნით, სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტისათვის წინადადებით მიმართვა;
ზ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის რეგულაციებთან, გადაწყვეტილებებსა და დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
მუხლი 17
ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ბ) (ამოღებულია - 27.308.2014, №518);
გ) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების (გარდა ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტებისა) სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
დ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ე) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე წინადადებების შემუშავება, საქართველოს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებების, სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის მომზადება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე, მათი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ი) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 500 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;
კ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
მ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ნ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
მუხლი 18
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
გ) „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების და სხვა დოკუმენტების განხილვა საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და დეპარტამენტის უფლებამოსილებების ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მათ შესახებ სამინისტროს პოზიციის მომზადება;
დ) სამინისტროში მომზადებული, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების ინიციირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ე) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის პროცესში საჭირო კვლევების განხორციელება;
ვ) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესწავლა; სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
ზ) საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სამინისტროს ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება;
თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის მიერ სამინისტროსათვის განსაზღვრული საკანონმდებლო დავალებების შესრულების მიზნით, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ი) კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა, კერძო სამართლის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების საქმიანობის კოორდინაცია;
კ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, მათში შესწორებების შეტანა და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი შემდგომი მსვლელობის უზრუნველყოფა;
ლ) კანონმდებლობით სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, დეპარტამენტში შემოსული სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
მ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;
ნ) მოქალაქეებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების საკანონმდებლო წინადადებების განხილვა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №47 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
მუხლი 19
ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით მინისტრისათვის რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის, განახლებისა და დახვეწის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და კანონპროექტების შემუშავება;
ბ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს განვითარების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და კანონპროექტების შემუშავება;
გ) სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით (სისხლის სამართალი და სხვ.) რეფორმის გატარების მიზნით რეკომენდაციების, წინადადებებისა და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება;
დ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოების ფუნქციების განხორციელება, აღნიშნული საბჭოებისა და მათ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა. ცალკეული სამუშაო ჯგუფის მომხსენებლის ფუნქციების შესრულება, თემატური სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი შესრულების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
ე) (ამოღებულია - 15.02.2019, №82);
ვ) სისხლის სამართლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სხვა დაკავშირებულ თემებზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, კვლევითი და სხვა ტიპის პროექტების მართვა;
ზ) სამართლებრივი კვლევების მომზადება; საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროში, აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თემებზე ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევა; სახელმწიფოთა კანონმდებლობის კვლევა; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი;
თ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა: ანგარიშგება, საერთაშორისო წარმომადგენლობა, სახელმწიფოთა შეფასებასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
ი) მართლმსაჯულების სექტორში ევროპის კავშირის დახმარების კოორდინაცია, ფინანსური შეთანხმებების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების წარმოება, ფინანსური შეთანხმების შესრულების ხელშეწყობა, ამ და სხვა საკითხებზე ევროპის კავშირთან ურთიერთობა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
მუხლი 20
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის ბრძანებების ან მათთან გასაფორმებელი შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებების პროექტების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა;
დ) ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;
ე) სამინისტროს სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარ-ჩვევების, ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზება;
ვ) სამინისტროში სტაჟიორების შერჩევის, მიღების და მათ მიერ სტაჟირების გავლის უზრუნველყოფა;
ზ) ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ადაპტირების ხელშეწყობა;
თ) სამინისტროს შინაგანაწესის და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება;
ი) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
კ) თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარების, შეფასების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე, სხვა პროცედურებისა და სისტემების შემუშავება, დანერგვა და დახვეწა;
ლ) პერსონალის მოტივირების, შრომითი კმაყოფილების ზრდისა და ორგანიზაციული ერთგულების გაღრმავების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება, ღონისძიებების ორგანიზება;
მ) (ამოღებულია - 01.05.2023, №169);
ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე, მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ო) სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სპეციალური სამხედრო აღრიცხვის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 თებერვლის დადგენილება №47 – ვებგვერდი, 05.02.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის დადგენილება №169 – ვებგვერდი, 02.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 23.02.2024წ.
მუხლი 21
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს სისტემის ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის კოორდინაცია, არსებული ინფრასტრუქტურის შენახვა-შენარჩუნების უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
მუხლი 22
1. გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, დანაშაულის გამოვლენა და აღკვეთა;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიების ჩატარება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა;
ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესებისა და დისციპლინის დაცვის, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება;
თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე, ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია.
2. გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
3. გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ დებულების VII თავით.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №511 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 22 1. (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №633 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
მუხლი 23
პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;
ბ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით; სამინისტროს საზოგადოებრივ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;
გ) ფოტო- და ვიდეოკადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება;
დ) სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ, აგრეთვე, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა;
ვ) სამინისტროს სამარკეტინგო სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მისი შესრულების კონტროლი;
ზ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №518 – ვებგვერდი, 29.08.2014წ.
მუხლი 24
1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
დ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
ე) შიდა აუდიტორული საქმიანობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება;
ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
11. სამინისტროს, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს, ფუნქციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შიდა აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებას დისტანციური შემოწმებით ან/და ადგილზე შემოწმებით;
ბ) შემოწმების ჩატარების, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირების საქმიანობის ხასიათის, მოცულობისა და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების დონის განსაზღვრის მიზნით, ანგარიშვალდებული პირებისგან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და დოკუმენტს (მათ შორის, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას);
გ) ანგარიშვალდებული პირების მიერ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე გამოსცემს სახელმძღვანელო მითითებებს და შეიმუშავებს მეთოდურ რეკომენდაციებს;
დ) ადგენს და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენისას მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას ანგარიშვალდებული პირის მიმართ განსახორციელებელი შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიების შესახებ;
ე) ახორციელებს სამინისტროსთვის, როგორც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოსთვის განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
12. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სისტემაზე, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე.
2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 ივნისის დადგენილება №178 - ვებგვერდი, 04.06.2024წ.
თავი VI
სათათბირო ორგანოები
მუხლი 25
1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდეგში ‑ სათათბირო ორგანოები).
2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ თავისი თანხმობით.
6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების/სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
7. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი საქმიანობის უზრუნველმყოფი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის დადგენილება №82 – ვებგვერდი, 18.02.2019წ.
თავი VII
გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის
გარანტიები
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №511 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 26. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი
1. ამ თავის მიზნებისათვის, გენერალური ინსპექციის მოსამსახურე არის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება გენერალური ინსპექციის პროფესიულ საჯარო მოხელეს. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.
3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეზე:
ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ თავითა და აგრეთვე მინისტრის მიერ დამტკიცებული გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ბ) არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი და მისი შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.
4. გენერალურ ინსპექციაში გამოძიების უფლებამოსილების მქონე პირები არიან: შესაბამისი საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებელი.
5. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა სამსახურებრივი მოწმობა.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №511 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 27. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა
1. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.
2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გენერალური ინსპექციის მოსამსახურის ან მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან, მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების დასაცავად.
4. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ვალდებულია, უარი თქვას უკანონო ბრძანების/დავალების შესრულებაზე, თუ მან იცის ან უნდა იცოდეს მისი უკანონობის შესახებ და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების მიღების შესახებ გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ვალდებულია აცნობოს ზემდგომ თანამდებობის პირს.
5. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს, რომელიც უარს ამბობს აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. გენერალური ინსპექციის მოსამსახურისთვის აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.
6. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხს აგებს საერთო წესით.
7. დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული გენერალური ინსპექციის მოსამსახურის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.
8. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესის შესაბამისად.
9. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისთვის მიყენებულ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახელმწიფოსთვის ან სხვა პირისთვის მიყენებულ ზიანს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ანაზღაურებს, თუ ეს ზიანი მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია.
10. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს ეკრძალება:
ა) პოლიტიკური პარტიის წევრობა ან პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
ბ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, ასევე მასში მონაწილეობის მიღება.
11. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით.
12. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის საქმიანობის/ქცევის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონმდებლობით.
13. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №511 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 28. სპეციალური უფლებები
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გენერალური ინსპექციის გამოძიების უფლებამოსილების მქონე პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ფიზიკური ძალა, აგრეთვე სათანადო კურსის გავლის შემდეგ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები ან/და ცეცხლსასროლი იარაღი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ფიზიკურ ძალას, სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის V თავითა (გარდა 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა, აგრეთვე 34-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-11 პუნქტებისა) და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
3. მინისტრის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე და გამოძიების უფლებამოსილების მქონე პირები სარგებლობენ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე დაუბრკოლებლად შესვლისა და გადაადგილების უფლებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს უფლება აქვს, მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით დაუბრკოლებლად შეხვდეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში, ისე მოთავსების სხვა ადგილას.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №511 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
მუხლი 29. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სოციალური დაცვა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის სოციალურ დაცვას.
2. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები.
3. გენერალური ინსპექციის მოსამსახურის შრომის ანაზღაურება მოიცავს:
ა) თანამდებობრივ სარგოს;
ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს;
გ) წელთა ნამსახურობის დანამატს.
4. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს:
ა) სახელფასო დანამატი, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები და კომპენსაციები.
5. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეს, კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით, უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია.
6. გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ექვემდებარება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა.
7. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გენერალური ინსპექციის მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას გენერალური ინსპექციის მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
8. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გენერალური ინსპექციის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, მას მინისტრის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №511 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.